2024 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით (1,334 მლნ. აშშ დოლარამდე) შემცირდა. ასევე, შემცირებულია, უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროები (გრანტები და პროგრამები), რაც როგორც სპეციალისტები ამბობენ, ლარის გაცვლითი კურსის მერყეობაზე აისახა და გაუფასურების მოლოდინი სავალუტო ბირჟებზე ახლაც მაღალია. გარდა უცხოური ინვესტიციებისა, უცხოური ვალუტის შემოსვლა მცირდება ტურიზმის სექტორშიც.
მიუხედავად ასეთი მოლოდინისა, ამ ეტაპზე 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.7759 ლარია, თუმცა გაუფასურება შეინიშნება ევროსთან მიმართებით, რომლის ღირებულებაც 17 მარტის მონაცემებით, 3.0277 ლარია.
„საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის განმარტებით, ამერიკული დოლარი 5%-ით არის გაუფასურებული სხვა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, შესაბამისად მისი გაუფასურება გლობალური მასშტაბისაა და ამ პროცესში ეროვნულ ბანკს წვლილი არ მიუძღვის.
„ამერიკული დოლარი დაახლოებით 5%-ით არის გაუფასურებული სხვა ვალუტებთან მიმართებით, ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკს წვლილი ნამდვილად არ მიუძღვის.
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურებული არ არის, თუმცა ქართული ლარი გაუფასურდა ევროსთან და სხვა სავაჭრო ვალუტებთან მიმართებით; შესაბამისად, მხოლოდ ამერიკულ დოლართან მიმართებას არ უნდა დავაკვირდეთ.
ასევე, ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ლარი 3.00-ზე არ არის ასული ისიცაა, რომ ჩვენ თებერვალში, იმპორტი მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა, მართალია, ექსპორტიც შეგვიმცირდა 7%-ით, მაგრამ რადგან იმპორტის შემცირება ფულად გამოხატულებაში გაცილებით მეტია, ვიდრე ექსპორტის შემცირება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხმარებაა შემცირებული, ანუ 7%-ით ნაკლებ უცხოურ ვალუტას მოვიხმართ, ვიდრე შარშან. ეს, რა თქმა უნდა, ლარის კურსზე ისეთ ზეწოლას აღარ ახდენს, როგორსაც მოახდენდა 7%-იან ნიშნულზე იმპორტის შემცირება, რადგან ვალუტის გადინების მთავარი წყარო სწორედ იმპორტია“,- აღნიშნა გიორგი კეპულაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.