არჩევნებიდან მოყოლებული, ლარის კურსმა არაერთ შემოტევას გაუძლო და სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს. მართალია, ფსიქოლოგიური ფაქტორი არ მოხსნილა და ისევ ძალაშია, თუმცა მინიმუმ წლის ბოლომდე მკვეთრი რყევები მოსალოდნელი აღარ არის, რაზეც სპეციალისტებიც საუბრობენ და მთავრობაც ოპტიმისტურ მოლოდინს ინარჩუნებს. ამ მხრივ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რაც ლარის სტაბილურობას უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტისთვის ერთ-ერთ კრიზისულ პერიოდში.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სებ-ი ბაზრისთვის უცხოური ვალუტის მიწოდების გარეშეც ახერხებს ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას. დაძაბულობის დღეებში უმნიშვნელო ინტერვენციები გახდა საჭირო, თუმცა როგორც კი პოლიტიკურად ვითარება დასტაბილურდა, ლარმაც გამყარება დაიწყო.
„რეალურად ამ დღეებში უმნიშვნელო ჩარევის აუცილებლობა იყო. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. სებ-ი ახერხებს ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს ამისათვის. როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმა გამყარება“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეინიშნებოდა მცირე დევალვაცია, თუმცა მოვლენების დასტაბილურების პარალელურად ეროვნულმა ვალუტამაც პოზიციები მნიშვნელოვნად აღიდგინა.
„როდესაც იყო დაძაბულობა, ლარის კურსიც გაუარესდა, გვქონდა მცირე დევალვაცია. თუმცა, როგორც კი ჩაცხრა აჟიოტაჟი, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმა დასტაბილურება. იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს საბოტაჟს, რასაც ის ახორციელებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველაფერი დასტაბილურება. განსაკუთრებული შფოთვის მიზეზი არ გაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
ისე მოხდა, რომ პოლიტიკური პროცესების ფონზე რატომღაც მიზანში ეროვნული ვალუტა იქნა ამოღებული და დღემდე იგი ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას განიცდის. მიუხედავად ამისა, სტაბილურობის შენარჩუნებას კურსი მაინც ახერხებს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე კურსი 2,77-2,84-ის ფარგლებში იმერყევებს. ასეთია ანალიტიკოს ნიკა შენგელიას პროგნოზი, რომელმაც ლარის გამყარების რამდენიმე ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება.
,,ფსიქოლოგიური ფაქტორი ჯერ არ მოხსნილა, მაგრამ დიდი გაუფასურების აცილება მაინც მოხერხდა. წლის ბოლომდე ლარი 2,77-2,84-იან შუალედში იმერყევებს. ჯერჯერობით არ შეიმჩნევა ნიშნები, რომ ეროვნულმა ვალუტამ 2,85-იანი მაჩვენებელი გადალახოს. თუმცა, თუკი პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბება და საპროტესტო აქციები ხანგრძლივ პერიოდში გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი კურსზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ჯერჯერობით, თუ გავითვალისწინებთ, რომ წლის ბოლოა და დიდი მოცულობით საქონელი შემოდის ქვეყანაში, მოთხოვნა მატულობს, რის საფუძველზეც შეიძლება განვაცხადოთ, რომ მკვეთრ რყევსს ადგილი არ ექნება. ამ ეტაპზე ლარს ამყარებს ტრანზაქციები და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები, რაზეც მონაცემი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მიუხედავად ამისა, საფრთხე მოხსნილი არ არის. აქციების მასშტაბი თუ მოიმატებს, კიდევ უნდა ველოდოთ გაუფასურებას, მაგრამ დეკემბერში ლარის სტაბილურობა შენარჩუნდება. იანვრის ბოლოს კი უფრო გამოჩნდება 2025 წლის ტენდენციები, რაზეც საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია", - განუცხადა "რეზონანსს" შენგელიამ.
განსახვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტების ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ არსებულ მოცემულობაში ლარზე ფსიქოლოგიური ფაქტორი ნაკლებად მოქმედებს. საბანკო სფეროს ექსპერტის, პროფესორ ლია ელიავას განმარტებით, კურსის მერყეობა მნიშვნელოვნად განაპირობა იმან, რომ დიდი რაოდენობით ფულის მასა გადახურდავდა უცხოურ ვალუტაში, გასაგები პოლიტიკური პროცესების გამო.
,,მიმდინარე პერიოდში ლარის მიმართ ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენა ნაკლებადაა, ლარზე ზემოქმედებას უფრო ფინანსური გარემოებები ახდენს. შესაბამისად, თუ ეს ტენდენცია ამოიწურა და ლარის ხარჯვა შემცირდება, კურსი დასტაბილურდება და შეიძლება გამყარდეს კიდევაც. ამიტომ ყველაფერი პოლიტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
ახლა სავალუტო ბაზარზე უფრო ფინანსური გარემოებები ახდენენ გავლენას, მატალითად, ლარის მასის მომატება ეკონომიკაში. ფული გამოდის კომერციული ბანკებიდან, უცხოური ვალუტა ხურდავდება და სწორედ ეს პროცესი განაპირობებს კურსის ვარდნას. ადრე თუ გვიან, ეს ტენდენცია შეჩერდება და კურსი დასტაბილურდება. ძველ ნიშნულს, ალბათ ვერ დაუბრუნდება, მაგრამ მთავარია, მისი გაუფასურების დინამიკა შეწყდება.
გაუფასურების ალბათობა ჯერ კიდევ დიდია. სებ-ის ზომები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც შეაჩერებს სავალუტო რყევებს, მაგრამ პროცესი დროგამოშვებით მაინც გაგრძელდება, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ჯერაც გარკვეულ რისკებს შეიცავს", - უთხრა ლია ელიავამ ,,რეზონანსს" და ხაზი გაუსვა, რომ სანამ პოლიტიკური პროცესი არ დალაგდება, ლარს ყოველთვის ექნება საფრთხე და ამავე დროს ყოველთვის შეიძლება პოლიტიკური აჟიოტაჟის მსხვერპლად იქცეს.
ვრცლად: www.resonancedaily.com