პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ახალი ტიპის უნივერსალური სალარო აპარატების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომელიც დღემდე ცალ-ცალკე არსებული სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს.
კანონპროექტის თანახმად, გადასახადის გადამხდელების სალარო აპარატებითა და ტერმინალებით უზრუნველყოფას, ასევე მათ ტექნიკურ მომსახურებას, საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული ერთი ოპერატორი განახორციელებს. მომსახურების საფასურის ოდენობასა და გადახდის წესს მთავრობა დამატებით განსაზღვრავს.
ანგარიშსწორებისას სალარო აპარატის გარეშე მუშაობა ან მისი გამოუყენებლობა 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
კანონპროექტის ავტორია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, ასევე მისი მოადგილე ბეჟან წაქაძე და დეპუტატები ირაკლი ხელაძე, ზურაბ რურუა, გიორგი ბარვენაშვილი და ლევან მაჭავარიანი.
ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის და მათი ძირითადი ნაწილი 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. ამასთან, ბიზნესს 2028 წლის 1-ელ მაისამდე შეეძლება გამოიყენოს უკვე რეგისტრირებული სალარო აპარატები და ტერმინალები.