კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნლისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კირ სტარმერმა მხარი არ დაუჭირა შეერთებულ შტატებს ირანთან კონფლიქტის დროს, რამაც, მისი შეფასებით, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ავტორიტეტს ზიანი მიაყენა.

ტრამპის თქმით, სტარმერი საკუთარმა პოზიციამ ქვეყნის შიგნითაც დააზარალა.

„სტარმერმა უარი თქვა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას ეს არ მოეწონა“, – აღნიშნა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, სტარმერის პოზიციამ, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულმა უთანხმოებებმა ორ ტრადიციულ მოკავშირეს შორის ურთიერთობები დაძაბა.

მისი თქმით, ბრიტანეთს ვაშინგტონის გვერდით უფრო აქტიური როლი უნდა ეთამაშა და ეს ვითარება დასავლური ერთიანობის გამოცდა იყო.

ამასთან, ტრამპმა გააკრიტიკა ნატო-ს რამდენიმე ევროპული წევრიც და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ათწლეულების განმავლობაში ტრილიონობით დოლარი დახარჯა ევროპის უსაფრთხოების დასაცავად, მაშინ როდესაც, მისი თქმით, ამერიკას საჭიროების დროს მოკავშირეებისგან სათანადო მხარდაჭერა არ მიუღია.

„მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი წევრი ვიყავით, უდავოდ წამყვანი წევრი. წლების განმავლობაში ევროპის დასაცავად ტრილიონობით დოლარი გადავიხადეთ, არა მილიარდები, არამედ ტრილიონები. ჩვენ საერთოდ არ გვჭირდებოდა დახმარება, უფრო ცნობისმოყვარეობის გამო მაინტერესებდა. გვინდოდა, გაგვეგო, ამიტომ პიტ ჰეგსეტს ვუთხარი: ვნახოთ, მართლა მოვლენ თუ არა? მათ ვთხოვეთ მოსვლა და ისინი ჩვენ გვერდით არ დადგნენ. ამდენი ფული დავხარჯეთ… სხვათა შორის, სისულელე იყო, რომ არ იყვნენ. იტალია ძალიან ცუდად მოიქცა, გერმანიაც, სხვა ქვეყნებიც. ჩვენ ამ ყველაფერზე უზარმაზარი თანხები დავხარჯეთ, ალბათ წელიწადში 600 მილიარდი დოლარი, რეალური რიცხვი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი იყოს. ნატო-ზე დახარჯული თანხები იმდენად უზარმაზარია, ძნელი დასაჯერებელია, როცა ჩვენ დაგვჭირდა, ისინი ჩვენ გვერდით არ იყვნენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

წყარო: პირველი არხი