2023 წლის 1-ელ კვარტალში ტრადიციულად საბანკო სექტორის მოგების დიდი წილი ორ დიდ ბანკზე - „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის. საქართველოში არსებული 15 კომერციული ბანკიდან 13 მოგებაზეა, ორი ბანკი კი ზარალზე, რომელთაგან ერთი ციფრული ბანკი „პეისერა საქართველოა“, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და მომხმარებლებს არ ემსახურება.

მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით ერთადერთი მოქმედი კომერციული ბანკი საქართველოში, რომელიც წაგებაზეა „სილქ ბანკია“, მისი ზარალი 1 157 404 ლარია.

ბანკის აქტივები 79 495 413 ლარს შეადგენს, ხოლო ვალდებულებები 23 665 198 ლარს. 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბანკის საპროცენტო შემოსავალმა 1 443 565 ლარი, საკომისიო შემოსავალმა კი 67 577 ლარი შეადგინა. ამ პერიოდისთვის „სილქ ბანკს“ 17 543 754 ლარის სესხი აქვს გაცემული. 

ბანკის 60%-იან წილს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი ფლობს, შპს პარტომტა 37.1%-ს, ხოლო სს სილქ ჰოლდინგი 2.9%-ს.