დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტში სადაზღვევო სექტორის წილი 1%-ზე ოდნავ მეტია, რაც აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებთან შედარებით 2-3-ჯერ ნაკლები მაჩვენებელია. ევროპის განვითარებული ეკონომიკების ქვეყნების მშპ-ში კი დაზღვევის წილი 6-7%-მდეც ადის.

ამასთან, ონოფრიშვილის თქმით, ევროპის შესაბამის სტრუქტურებთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოს დიდი პროგრესი აქვს.

მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ დაზღვევის სექტორი განვითარდეს, მნიშვნელოვანია დაზღვევის ისეთი სავალდებულო სახეობის შემოღება, როგორიცაა ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, 2024 წელს უნდა ამოქმედდეს.

ონოფრიშვილის თქმით, აღნიშნული დაზღვევის შემოღების შემდეგ ბაზარი 30%-ით გაიზრდება

„ევროპაში ბევრი სავალდებულო დაზღვევაა, მაგალითად, ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელზე მუშაობაც საქართველოში დაწყებულია. ასევე ვმუშაობთ მშენებელთა და არქიტექტორთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე,“- განაცხადა ონოფრიშვილმა.

მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური მუშაობს, რომ საზოგადოებაში დაზღვევის კულტურა და ცნობიერება ამაღლდეს, რისთვისაც ვრცელდება ბუკლეტები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით.

„როცა ადამიანი აზღვევს სახლს, მან იცის, რომ თუ მაგალითად წყალი ჩამოუვა, ზარალი დაზღვეული იქნება. ეს ძვირი არ ღირს და ამით მოქალაქე დაცულია. ასევეა ავტომობილის, ჯანმრთელობის დაზღვევა. საქართველოში ავტომობილების მხოლოდ 10%-ია დაზღვეული. ავტომფლობელები ვერ აცნობიერებენ, რომ როცა მანქანა გყავს, ისევე როგორც საწვავს ყიდულობ და ასხამ, ან საბურავს ცვლი, ასეთივე აუცილებელია მანქანის დაზღვევა,“- განაცხადა ონოფრიშვილმა.

რაც შეეხება ტარიფებს, დავით ონოფრიშვილის თქმით, 4-5 წლის წინ, როდესაც შესაბამისი კანონპროექტი მომზადდა, საუბარი იყო წელიწადში 150-160 ლარზე, ახლა კი სავარაუდოდ 200 ლარის ფარგლებში იქნება, რაც დღეში 70-80 თეთრი გამოდის. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ჯანმრთელობის და სიცოცხლის ნაწილში, ანაზღაურება იქნება 25-30 ათასი ლარის ფარგლებში და ეს თანხა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს გამოუთავისუფლდება. ქონების დაზიანების შემთხვევაში ლიმიტი 25 ათას ლარს მიაღწევს.

business-partner.ge