გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-სთან პირდაპირი სავაჭრო კავშირები ძალიან მცირე გვაქვს, მათი ახალი სატარიფო პოლიტიკის პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ექსპორტის კუთხით, დაბალი იქნება, - ამის შესახებეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სატარიფო პოლიტიკამ, მიუხედავად იმისა, რომ გადავადდა, გლობალურად მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია.
"დღეის მდგომარეობით, აშშ-ში ჩვენი ექსპორტის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.4%-ს შეადგენს, ხოლო ექსპორტის 2.2%-ს.
შესაბამისად, ფასების ელასტიკურობის და ყველა ეკონომიკური პარამეტრის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ აღნიშნულის ეფექტი ძალიან მცირე იქნება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტი აშშ-ში საერთოდ არ ითვალისწინებს სატარიფო შეზღუდვებს. პირდაპირი გავლენა ძალიან მცირეა, თუმცა ჩვენ მცირე ზომის ღია ეკონომიკა ვართ, რომელიც გლობალურ მოვლენებზე დიდად არის დამოკიდებული და შესაბამისად, გლობალურად განვითარებულმა მოვლენებმა, რა თქმა უნდა, შესაძლოა ჩვენზე გავლენა მოახდინოს", - აცხადებს ეკატერინე მიქაბაძე.
ცნობისთვის, აშშ-მა შესაძლოა ჩინეთს 245%-იანი ტარიფი დაუწესოს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. ტარიფები შეეხო საქართველოსაც. ქართული პროდუქციის აშშ-ში შეტანაზე 10%-იანი გადასახადი დაწესდა, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროებით უარს იტყვის ტარიფების უმეტესობაზე. კერძოდ, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტარიფების ამოქმედებას 90 დღით აპაუზებს.