„ევროპარლამენტის მიერ ასეთი მესიჯის გაჟღერება, პოტენციურთან ერთად, აქტიური ინვესტორებისთვისაც სერიოზული გაფრთხილებაა“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გიორგი მელაშვილმა, ქართული ბანკების SWIFT-იდან შესაძლო ჩახსნის შეფასებისას, განაცხადა.

მისი თქმით, ანალოგიური გაფრთხილებები იყო რუსეთისა და ბელარუსის შემთხვევაშიც, ეროვნული ბანკი კი ვითარების ხელოვნურად შემსუბუქებას ცდილობს.

„ეროვნული ბანკის განცხადებაზე გამეცინა, რადგან ისინი ცდილობენ, საზოგადოებას ისე წარმოუჩინონ, თითქოს SWIFT-იდან გათიშვა ტექნიკური დეტალია, რაც ნამდვილად სასაცილოა, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუკი ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თავისუფლად შეიძლება, ჩვენი ქვეყანა SWIFT-ს გამოეთიშოს. ზუსტად ასე მოხდა რუსეთშიც და ბელარუსშიც.

ევროპარლამენტმა რადგანაც ეს გააჟღერა, სავარაუდოა, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ ევროკომისიასთან, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მიუთითებს და სერიოზული გაფრთხილებაა ყველა ბიზნესმენისა თუ ინვესტორისთვის, რომლებიც არა მხოლოდ მომავალში აპირებენ ჩვენთან ინვესტიციის ჩადებას, არამედ ახლაც აქტიური ინვესტიციები აქვთ“, - განაცხადა მელაშვილმა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი