აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კაპიტალური პროექტების დაფინანსება იზრდება. ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დანართის თანახმად, 2027 წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 297.9 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმას 31.8 მლნ ლარით, ანუ 11.9%-ით აღემატება.

ტურისტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება

გოდერძისა და მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2027 წელს 4.47 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის გეგმას დაახლოებით 5.4-ჯერ აღემატება.

დაგეგმილ სამუშაოებს შორისაა მწვანე ტბის შემოვლითი ბილიკის მოწყობა, პარკინგის გაფართოება, საპიკნიკე სივრცეების განვითარება და გოდერძის სათხილამურო ტრასის განათება.

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა 2028 წლამდე გაგრძელდება

2027 წელს გაგრძელდება ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობა. პროექტი ცხრა საცხოვრებელი კორპუსისა და 1 077 ბინის მშენებლობას ითვალისწინებს.

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო. თავდაპირველი გეგმით, პირველი ეტაპი 17 თვეში უნდა დასრულებულიყო და 582 ოჯახისთვის სამი საცხოვრებელი კორპუსი აშენებულიყო. თუმცა სამუშაოები დადგენილ ვადაში ვერ დასრულდა. 2021 წელს პროექტის მეორე ეტაპიც დაანონსდა, ხოლო იმდროინდელი გეგმის მიხედვით, მთლიანი კომპლექსის მშენებლობა 2025 წლისთვის უნდა დასრულებულიყო.

პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია და 582 ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა. მეორე ეტაპის მშენებლობა კი კვლავ მიმდინარეობს. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, დასრულებული იყო შენობების რკინაბეტონის სამუშაოები, მიმდინარეობდა ფასადების, სახურავების, საინჟინრო სისტემებისა და შიდა სივრცეების მოწყობა. აჭარის მთავრობის ბოლო ინფორმაციით, მეორე ეტაპის დასრულება 2028 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის, რომელიც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობასაც მოიცავს, 2027 წელს 40.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. შედარებისთვის, 2026 წლის ბიუჯეტში ამ პროგრამის დაფინანსება 51.1 მლნ ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა მთლიან პროგრამას მოიცავს და მხოლოდ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის განკუთვნილ დაფინანსებას არ წარმოადგენს.

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტი

2027 წელს მნიშვნელოვნად იზრდება აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება. კერძოდ, თუ 2026 წელს ამ მიზნით 1.5 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, მომდევნო წელს თანხა 16.6 მლნ ლარამდე იზრდება, რაც დაახლოებით 11-ჯერ მეტია.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში სანიტარიული ნაგავსაყრელის მოწყობა. ობიექტის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდა, თუმცა ნაგავსაყრელი დღემდე არ ამოქმედებულა.

თავდაპირველი გეგმით, ნაგავსაყრელს ნარჩენების მიღება 2021 წლის მარტიდან უნდა დაეწყო, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლა რამდენჯერმე გადაიდო. ახალი ნაგავსაყრელის ამოქმედება აუცილებელი პირობაა ბათუმში, ადლიაში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დასახურად.

აჭარის 2027-2030 წლების კაპიტალური ბიუჯეტის დანართის მიხედვით, ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების 80% 2027 წელს, დარჩენილი 20% კი 2028 წელს უნდა შესრულდეს. პროექტის დაფინანსება 2030 წლის ჩათვლით არის გაწერილი. ამასთან, ბიუჯეტის პროექტში ცეცხლაურის ნაგავსაყრელის ამოქმედების კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის.

წყალმომარაგების პროექტების დაფინანსება 2028 წელს მკვეთრად იზრდება

აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამისთვის 2027 წელს 12 მლნ ლარია გათვალისწინებული. მომდევნო, 2028 წელს კი პროგრამის დაფინანსება 39 მლნ ლარამდე უნდა გაიზარდოს.

პროგრამა სხვადასხვა დასახლებაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობას, აბონენტების გამრიცხველიანებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მცირდება

რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება 2027 წელს მნიშვნელოვნად მცირდება. თუ 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ამ მიზნით 64.9 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, მომდევნო წლისთვის თანხა 42.9 მლნ ლარამდე ჩამოდის, რაც დაახლოებით 34%-იანი კლებაა.

პროგრამა 12 ობიექტს მოიცავს. მათ შორისაა ბათუმის ყინულის არენა და საცურაო აუზი, სპორტული სკოლები და სტადიონები, სამედიცინო დაწესებულებები და აჭარის ტელევიზიის შენობა.

ბიუჯეტის დანართის მიხედვით, 2027 წლის ბოლოსთვის პროგრამის ფარგლებში გარკვეული ობიექტების სამშენებლო სამუშაოები კვლავ გაგრძელდება, ხოლო 2028 წელს ამავე პროგრამის დაფინანსება 106.4 მლნ ლარამდე იზრდება.