„ჩემი ვარაუდით, 2024-25 წლებში ყველაზე მაქსიმალური ნიშნული, სადამდეც შეიძლება ბიტკოინი გაიზარდოს $140 000-ია“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში კრიპტობაზრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა თოდუამ განაცხადა. მისი თქმით, კრიპტოვალუტის ფასზე გავლენას მოახდენს ის, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია.

11 მარტს ბიტკოინის ფასი 70 000 დოლარს მიუახლოვდა. როგორც ნიკა თოდუა ამბობს, ეს ნიშნულები, რასაც კრიპტოვალუტამ ბოლო დროს მიაღწია, მხოლოდ 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.

„ფაქტობრივად, 2.5 წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ ბიტკოინის ფასის ზრდას. იმ ინვესტორებს, რომლებსაც მანამდე საშუალება არ ჰქონდათ, შეესყიდათ ბიტკოინი, ან უშუალოდ თავის თავზე აეღოთ ბიტკოინის შენახვის პასუხისმგებლობა, მათ ახლა მიეცათ ამის საშუალება და, ბუნებრივია, ტრადიციული ბაზრიდანაც ხდება დიდი ოდენობით თანხების შემოდინება. 2.5 ტრილიონს სცდება მთლიანად კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია და აქედან 51% ბიტკოინზე მოდის“, - განაცხადა ნიკა თოდუამ.

მისი თქმით, რამდენიმე კრიზისი გადაიტანა ბიტკოინმა, მათ შორის კოვიდ პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ფასი არა მხოლოდ დოლართან, სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც გამყარდა, თუმცა, როგორც კი ახალ მაღალ ნიშნულს მიაღწევს ბიტკოინი, კვლავ ჩნდება კითხვები, რამდენად მდგრადია აღნიშნული კრიპტოვალუტა.

„ფაქტებიდან გამომდინარე, ზოგი ექსპერტი შიშობს, რომ შეიძლება ამან დოლარის და სხვა ვალუტების სიმყიფე აჩვენოს და რამაც შეიძლება ის კრიზისი გამოიწვიოს, რაც 2008 წელს იყო. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაციები, რომ ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბერგის ყიდიან რაღაც აქტივებს თავისი ტრადიციული აქციებიდან და ეს კითხვის ნიშნები აჩენს. როცა ვიღაცას ჰქონდა იმის საშუალება, რომ ეყიდა ბიტკოინი $100-ად და ახლა 70 000 ღირს, ბუნებრივია არის ვიღაცის მოლოდინი, რომ „უნდა ჩამოიქცეს“, „უნდა გაქრეს“. მიუხედავად ამისა, მე მაინც ხაზს ვუსვამ იმას, რომ ფასის ნაწილი მეორე მხარეა ბიტკოინის და ის ღირებულება რაც გააჩნია, როგორც აქტივს, მასში ვერავინ ჩაერევა, ეს კონსენსუსის საგანია,“ - ამბობს ნიკა თოდუა.

მისი თქმით, ჩართულობის ასპექტის თვალსაზრისით, ახლა ბიტკოინი უახლოვდება იმ ჩართულობას, რა ჩართულობაც იყო დაახლოებით 2021-ის იანვარში და შეიმჩნევა ისიც, რომ კომპანიები ნელ-ნელა ახდენენ გადახდების კრიპტოვალუტაში ინტეგრირებას.