ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის უგამოცდოდ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა, სავარაუდოდ, კადრების მწვავე დეფიციტს უკავშირდება. სტატისტიკა მოწმობს და სპეციალისტებიც ადასტურებენ, ქვეყანაში ექთნების დიდი ნაკლებობაა და რეგულაციები ამ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს. სამედიცინო პერსონალის  ნაწილი ქვეყანას ტოვებს, რისი მიზეზიც შრომის დაბალი ანაზღაურებაა. მართალია,  ექთნებისთვის მინიმალური სახელფასო განაკვეთი  განსაზღვრა, მაგრამ საკადრო პრობლემას  ვერც ამან უშველა. 

საქრთველოში 1 ექიმზე 0,8 ექთანი მოდის, როცა სტანდარტი 1/3-თან უნდა იყოს. სახეზეა კადრების გადინების ტენდენცია. არსებული მონაცემით, 2023 წელს საქართველოს 21 468 ექთანი ჰყავდა, რაც 2022 წელთან შედარებით 561-ით ნაკლებია.

რაც შეეხება კანონმდებლობის გადავადებას,  გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ექთნებს და მეან-ექთნებს უგამოცდოდ საქმიანობის უფლება 2025 წლის 1-ლი სექტემბრის ნაცვლად, 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე ექნებათ. კანონში შესაბამის ცვლილებაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა იმსჯელა და მხარიც დაუჭირა. შედეგად, ექთნებს ერთი წლით გაუხანგრძლივდათ უგამოცდოდ საქმიანობის უფლება.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ  ზაზა ლომინაძემ განაცხადა, ჯანდაცვის შესახებ კანონში 2024 წლის თებერვალში ამოქმედებული შესაბამისი ცვლილების შემდეგ საჭირო ნაბიჯების გადადგმა ვერ მოესწრო, ამიტომ დამატებითი ღონისძიებები აუცილებელია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ეხება სამედიცინო სფეროს, რომელიც გულისხმობს ექთნების და მეან-ექთნების მომავალ პროფესიულ განვითარებას, გადამზადებას, მათი უფლებებისა და მოვალეობების შესწავლას. გადასადგმელი იყო უამრავი ნაბიჯი, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დროის სიმცირის გამო ვერ მოესწრო. შესაბამისად, გამოვდივართ ინიციატივით გადავადდეს მისი ამოქმედება. სრული მზაობა ამისთვის დამატებით დროს მოითხოვს. ჩვენს მეან-ქთნებს და ექთნებს საშუალება მიეცემათ, რომ გასწიონ დამატებითი ღონისძიებები, რათა არ შეიქმნას ექთნების და მეან-ექთნების დეფიციტი მათი სერტიფიცირების, გადამზადების პრობლემის გამო“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ექთნების შრომის ანაზღაურება გაზრდილი ხელფასის  მიუხედავად, კვლავ არასაკმარისია იმისთვის, რომ დასაქმების მოტივაცია გაჩნდეს. ქვედა რგოლის სამედიცინო პერსონალი უცხოეთში გადადის სამუშაოდ და მათი ჩამნაცვლებელი საქართველოში არავინაა.

ექთნების მწვავე დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემაც. კადრების დეფიციტის და დაბალი ხელფასის გამო  გამო არაერთი შემთხვევაა, როცა პერსონალი ან ქვეყნიდან მიდის, ან რამდენიმე ადგილას მუშაობს და ვეღარ უწევს პაციენტებს სათანადო მომსახურებას.

ზოიძე არ გამორიცხავს, რომ ექთნების გამოცდებთან დაკავშირებული კანონის გადავადება სწორედ ამ მიზეზით იყოს გამოწვეული.

,,ზუსტი მიზეზი, რატომ გადავადდა კანონი, ვერ გეტყვით, თუმცა ადვილად მისახვედრია, რომ ხელისუფლებას სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებული გარემოება მხედველობაში მიეღო. ქვეყანაში დიდი დეფიციტია, რაც კადრების გადინებამ გამოიწვია.  ექთნის პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია სხვა ქვეყნებშიც, ამიტომ აქედან წასულ კადრს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ პროფესიით დასაქმდეს.  მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა, რომ მდგომარეობა შეიცვალოს. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული სამუშაოა გასატარებელი.

ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი. ამის გამოსწორების ერთადერთი გზაა სისტემური რეფორმა დარგში, პირველ რიგში , დაფინანსების გაზრდა, რაც სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს. თვეში 700 ან 800 ლარი, რა დონეზეც მოხდა ხელფასის გაზრდა, არ არის ის მაჩვენებელი, რის გამოც შეიძლება ადამიანს საქართველოში ექთნად მუშაობა მოუნდეს.

ვერავითარ სამართლიან კონკურენციასა და ინფორმაციის სიმეტრიულობაზე ვერ ვისაუბრებთ, როცა საქმე ეხება ჯანდაცვის სექტორს. შესაბამისი ხარისხის მომსახურებას ვერ ვიღებ დაბალანაზღაურებადი, არამოტივირებული პერსონალისგან, რომელიც ოთხ ადგილას მუშაობს და ძალიან გადაღლილია. ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს სამედიცინო მომსახურების ხარისხზცე“, - ამბობს  აკაკი ზოიძე.

სამედიცინო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ იმასაც, რომ გადინების პროცესი არ შეჩერებულა და კიდევ გრძელდება, რაც საქართველოს სამედიცინო სფეროში სამომავლოდ მძიმე შედეგს გამოიწვევს. როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა  ვატო სურგულაძემ აღნიშნა, დიდი რისკია, რომ სფერო გამოცდილი ექიმებისა და ექთნების გარეშე დარჩეს და ადამიანებმა შესაბამისი მომსახურება ვეღარ მიიღონ, რაც სრული კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის.

,,ჯანდაცვის სისტემა სრულად მოუწესრიგებელია და აქ ნებისმიერი რეგულაცია ვითარებას მხოლოდ დაამძიმებს. რა გამოცდებზეა საუბარი, როცა საკმარისი კადრი არ გვყავს და რა რაოდენობაცაა, იქაც კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემაა. მუდმივად უნდა ხდებოდეს კადრების გადამზადება და ექთნების გამოცდა პირდაპირ არ უნდა ასოცირდებოდეს სამსახურის დაკარგვასთან. კანონის გადავადებამ ეს პრობლემა უფრო მწვავედ დაგვანახა.

ამ დროს საქართველოში სამედიცინო სფერო არის ყველაზე მომგებიანი  ბიზნესი, რითაც მხოლოდ ცალკეული ადამიანები ხედავენ დიდ სარგებელს. თანამშრომლების უმრავლესობა მცირე ხელფასზეა დამოკიდებული, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხზეც აისახება. როცა გვესმის, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში 2000 ლარს აჭარბებს, 800-ლარიანი ხელფასით ექთნის შენარჩუნება, წარმოუდგენელია.

ბევრი ჩვენი თანამემამულე უცხოეთში მუშაობს, ზოგის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო წავიდა და არ მგონია, დაბრუნება მოუნდეს. ხელფასების გარდა, ექთნებისთვის პრობლემაა გაუსაძლისი სამუშაო პირობებიც. სწორედ კადრების დეფიციტი იწვევს იმ პრობლემას, რომ ექთნებს ურთულეს გარემოში უწევთ მუშაობა. არის შემთხვევები, როდესაც ერთი ექთანი 15-20 პაციენტს ემსახურება, მძიმე შრომაა", - განაცხადა სურგულაძემ.

აუდიტის სამსახურის მონაცემით,  100 000 მოსახლეზე თბილისში 828 ექთანია. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისათვის თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, ორჯერ ნაკლებია−ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში;

ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-3 ექთანი მოდის. საქართველოში ექიმებისა და ექთნების რაოდენობა თითქმის თანაბარია.

წყარო: რეზონანსი