უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული ანტირუსული სანქციების ფონზე, ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით აგრძელებს ნავთობის ექსპორტის გაზრდას.
Reuters-ის ცნობით, პირველი კვარტალის შედეგების მიხედვით, ყაზახურმა ნავთობკომპანიებმა, აქტაუს პორტიდან ბაქომდე, ტრანსკასპიის ზღვის მარშრუტით, 163,4 ათასი ტონა ნავთობი მიაწოდეს უცხოურ ბაზრებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყაზახეთისთვის ნოვოროსიისკის პორტის გვერდის ავლით ექსპორტი 6-ჯერ გაიზარდა.
რუსეთმა არაერთხელ დაბლოკა ყაზახური ნავთობის ექსპორტი შავი ზღვის გავლით, სადაც კასპიის მილსადენის კონსორციუმის (კმკ) საექსპორტო ტერმინალი მდებარეობს.
ამჟამად კმკ ტერმინალი ნორმალურად მუშაობს, მაგრამ ყაზახურ კომპანიებს ნედლეულის გაყიდვა რუსეთის პორტებით ეშინიათ, რადგან ეს სანქციების დარღვევა იქნება.
2022 წლის 17 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტმა, პუტინის თანდასწრებით, უარი თქვა კრემლის მიერ კონტროლირებადი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარებაზე. ტოკაევმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს უკრაინაში რუსეთის „სპეციალური ოპერაციის“ მიმართ.
ამ განცხადების შემდეგ თითქმის მაშინვე რუსეთმა შეაჩერა ყაზახური ნავთობის გადაზიდვა ნოვოროსიისკის პორტიდან.
2022 წლის ივლისში ტოკაევმა დაავალა ნავთობისა და გაზის ეროვნულ კომპანიას დაეწყო ნავთობის გაყიდვები რუსეთის გვერდის ავლით და ტრანსკასპიური მარშრუტი პრიორიტეტად აქცია.