ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები დაწყებულია და ის რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სანავიგაციო კუთხით მიზანშეწონილობის განსაზღვრისთვის ტექნიკური შეფასებები მიმდინარეობს და ასევე, ფასდება კონკრეტული ტექნიკური პარამეტრებიც.

„ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები დაწყებულია. ეს მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რათა ვაზიანის აეროპორტის მიზანშეწონილობის სრულფასოვანი შეფასება მოხდეს. ეკონომიკური მიზანშეწონილობა საბოლოოდ ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. წინასწარი კვლევები არსებობს, რომელიც ჩვენ „აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად მოვამზადეთ. ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება უკვე გამოკვეთილია, მაგრამ ეს საჭიროებს დამატებით მაღალ დონეზე კომპეტენტურ კვლევას, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალშივეა დაგეგმილი. ასევე, სანავიგაციო კუთხით მიზანშეწონილობის განსაზღვრისთვის ტექნიკური შეფასებები მიმდინარეობს. ფასდება ასევე კონკრეტული ტექნიკური პარამეტრებიც. ეს კვლევები დასრულების პირასაა. საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში პერიოდულად მივაწვდით ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შესახებ ინფორმაციას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.