გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ, Транснефть-მა ნავთობმწარმოებლები გააფრთხილა, რომ მათ შესაძლოა, წარმოების შემცირება მოუწიოთ მას შემდეგ, რაც უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა გადამწყვეტი მნიშვნელობის საექსპორტო პორტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში Транснефть-მა აღნიშნულ ინფორმაციას "ფეიკი" უწოდა და დაამატა, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის "საინფორმაციო ომის" ნაწილია.
Reuters-ის ცნობით, გასული ათწლეულის განმავლობაში ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლები რუსეთის ჯამური ფედერალური ბიუჯეტის მესამედზე, ზოგჯერ კი ნახევარზეც მოდიოდა. ამ კუთხით აღნიშნული სექტორი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა რუსეთს მთავრობის დაფინანსებისთვის. ამის გამო აგვისტოდან მოყოლებული უკრაინამ რუსეთის ენერგო ობიექტებზე თავდასხმები გააძლიერა.
უკრაინამ დრონების მეშვეობით იერიში, სულ მცირე, 10 რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა და გარკვეული პერიოდით რუსეთის გადამუშავების სიმძლავრე თითქმის მეხუთედითაც შეამცირა. ამასთან, უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნებისა და რუსული წყაროების თქმით, უკრაინამ დააზიანა ბალტიის ზღვის მთავარი პორტები, უსტ-ლუგა და პრიმორსკიც.
რუსულ ნავთობკომპანიებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ Транснефть-მა ბოლო დღეებში ნავთობკომპანიებს თავის მილსადენის სისტემაში ნავთობის შენახვის უნარი შეუზღუდა. წყაროების მიხედვით, Транснефть-მა ნავთობმწარმოებელი კომპანიები ასევე გააფრთხილა, რომ მათგან შესაძლოა, უფრო ნაკლები ნავთობი მიიღოს, თუკი ინფრასტრუქტურა დამატებით დაზიანდება.
Reuters სამმა წყარომ ასევე განუცხადა, რომ უკრაინის მხრიდან თავდასხმებმა შესაძლოა, რუსეთი საბოლოოდ აიძულოს, რომ ნავთობის წარმოება შეამციროს.
"მსგავსი ფეიკ ნიუსების გამოჩენა, რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის კომპლექსში არსებული ანონიმური წყაროების დამოწმებით, ზიანს აყენებს Транснефть-ის იერსახეს." - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ.
"ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ დასავლეთის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წამოწყებული საინფორმაციო ომის ფარგლებში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებით." - დაამატა Транснефть-მა.