საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

2025 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 64%-მა განაცხადა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, მათ მიერ ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. ამავდროულად, გამოკითხული კომპანიების 29% ჯამურად განხორციელებულ ინვესტიციებში ცვლილებას არ მოელის, ხოლო 7% მოელის ინვესტიციების კლებას.

სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2025 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით მშენებლობისა და მომსახურების სექტორში ფიქსირდება. მშენებლობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 67% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას, ხოლო მომსახურების სექტორში ინვესტიციების ზრდის მოლოდინი გამოკითხულ კომპანიათა 66%-ს აქვს. ამასთანავე, ვაჭრობის სექტორში კომპანიათა 61% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას, ხოლო მრეწველობის სექტორში - 63%.

2025 წელს ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით, დადებითი პროგნოზები უფრო მეტად დაფიქსირდა აღჭურვილობის მიმართულებით, ხოლო შედარებით ნაკლები შენობა-ნაგებობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების კუთხით. გამოკითხულთა 71% მოელის, რომ 2025 წელს მათი ინვესტიციები გაიზრდება აღჭურვილობაში. მსგავსი მოლოდინი შენობა-ნაგებობების მიმართულებით 59%-ს აქვს, ხოლო გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ 2025 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები გაიზრდება -

პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, აღჭურვილობისა და პროგრამულ უზრუნველყოფას/მონაცემთა ბაზების მიმართულებით ყველაზე დადებითი პროგნოზი ფიქსირდება ვაჭრობის სექტორში. კერძოდ, ვაჭრობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 75% აპირებს გაზარდოს ინვესტიციები აღჭურვილობაში, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზებში -
62%. სექტორებს შორის, მომსახურების სექტორში ფიქსირდება ყველაზე პოზიტიური მოლოდინი
შენობა-ნაგებობებში ინვესტიციების ზრდის მიმართულებით (55%). 

BAG ინვესტიციების კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 67%–მა განაცხადა, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. ამასთან, გამოკითხული კომპანიების 23%-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ პერიოდში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა უცვლელი დარჩა, ხოლო დანარჩენი 10%-ისთვის შემცირდა.

ცნობისთვის, BAG ინდექსი PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2019 წლიდან ყოველკვარტალურად აქვეყნებს.