საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

BAG ინვესტიციების კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 67%–მა განაცხადა, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. ამასთან, გამოკითხული კომპანიების 23%-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ პერიოდში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა უცვლელი დარჩა, ხოლო დანარჩენი 10%-ისთვის შემცირდა.

მშენებლობის სექტორში კომპანიების 92%-ის განცხადებით, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ჯამური ინვესტიციები გაიზარდა, რაც სექტორებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, მომსახურების სექტორში ჯამური ინვესტიციების ზრდა კომპანიების 69%-მა დააფიქსირა, ვაჭრობის სექტორში კომპანიების 65%-მა, ხოლო მრეწველობის სექტორში - 50%-მა.

ინვესტიციები შემცირებულია მრეწველობაში, ვაჭრობას ადა მომსახურების სექტორებში. უფრო კონკრეტულად, მრეწველობის სექტორში კომპანიების 25%-ის განცხადებით, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ჯამური ინვესტიციები შემცირდა. ვაჭრობის სექტორში მოცემულ პერიოდში ჯამური ინვესტიციების შემცირება კომპანიათა 10%-მა დააფიქსირა, ხოლო მომსახურების სექტორში - 6%-მა. მშენებლობის სექტორში გამოკითხულ არცერთ კომპანიას ჯამური ინვესტიციები არ შეუმცირებია.

2024 წელს, კომპანიებმა თითქმის თანაბრად გაზარდეს ინვესტიციები მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობაში (73%), პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზებსა (72%) და შენობა ნაგებობებში (71%).

"სექტორების მიხედვით, მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობაში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ვაჭრობის სექტორში, სადაც კომპანიების 74%-მა გაზარდა ინვესტიციები აღნიშნული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზებში (72%) და შენობა-ნაგებობებში (64%) ინვესტიციების ზრდის მიხედვითაც ვაჭრობის სექტორი გამოირჩეოდა",- ვკითხულობთკვლევაში.

ცნობისთვის, BAG ინდექსი PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2019 წლიდან ყოველკვარტალურად აქვეყნებს.