საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4%-ია.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ თებერვალში 12.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.7%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ თებერვალში ყველაზე მეტად პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორი გაიზარდა, რაც სხვადასხვა ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მომსახურებებს მოიცავს. ასევე გაზრდილია IT სექტორის ბრუნვაც.
„თებერვალში ყველაზე მეტად პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორი გაიზარდა, ის მოიცავს აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი, იურიდიული მომსახურება, არქიტექტურული და საინჟინრო სერვისები, ასევე აქ შედის მეცნიერული კვლევა და ანალიზი.
რაც შეეხება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორს, ამ სექტორში ზრდის მიზეზია კომპიუტერული პროგრამების შემუშავება დაპროგრამება, IT სფეროში კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი მომსახურების მოცულობის გაფართოება. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან. მათ შორის უნდა აღვნიშნოთ რომ გაზრდილია როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები.
ენერგეტიკის სექტორში დადებითი ტენდენციები დაკავშირებულია ელექტროენერგიის განაწილების მოცულობის ზრდასთან მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების მოცულობა შემცირდა, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა თბოსადგურების გამომუშავება. გაზრდილია ასევე ელექტროენერგიის იმპორტის მაჩვენებლები.
რაც შეეხება სამთო მოპოვებით სექტორს, ზრდა ძირითადად დაკავშირებულია ფერადი ლითონების მოპოვების მატებასთან.
ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენციები, ერთ-ერთი იყო დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი, სადაც კლების მიზეზად სახელდება ძირითადად მეტალურგიული მრეწველობა. მშენებლობის სექტორში კლება კი განპირობებული იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის - ხიდების, მაგისტრალების მშენებლობის შემცირებით, ასევე შემცირებული იყო საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობის მაჩვენებელიც", - თქვა თოდრაძემ.