საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, Georgian Airways-ი მოსკოვის Boeing 737-ით „ვნუკოვოს“ აეროპორტის მიმართულებით პირველ რეისს 20 მაისს განახორციელებს. ამ მომენტისთვის დარჩენილია მხოლოდ 4 ბილეთი. თბილისი-მოსკოვის ეკონომ-კლასის ბილეთის ფასი (1 გზა) 782 და 1010 ლარია, ბიზნეს-კლასის - 2627 ლარი.

თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ეკონომ-კლასის ბილეთები ივნისსა და ივლისში 1769 ლარამდე იზრდება,  ბიზნეს-კლასის - 2805 ლარამდე.

შეგახსენებთ, რომ თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს საქართველოში ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, Georgian Airways-ი ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7-ჯერ განახორციელებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 16 მაისს გასცა.

რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მიმდინარე წლის 10 მაისს გააუქმა. ამის შესახებ განკარგულება კრემლის პორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, პუტინის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.