კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ისევ სომხეთშია.
2023 წლის ივლისში სომხეთის ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 5.5% შეადგინა.
სომხეთში ეკონომიკური ზრდის მთავარი მდგენელი წელს რუსეთის მიმართულებით გაზრდილი ექსპორტია. ივლისში სომხეთიდან ექსპორტირებულია 556 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია. არსებული პერიოდის განმავლობაში ექსპორტის ნახევარზე მეტი რუსეთზე მიდიოდა.
ასევე, 20%-ით არის გაზრდილი იმპორტის მოცულობაც, რამაც აპრილის განმავლობაში 901 მილიონი დოლარი შეადგინა. სომხეთში ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ცვლილებამ მინუს 0.1 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამჟამად დეფლაცია ფიქსირდება.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში ქვეყნის მშპ-ის მოცულობამ 80 მილიარდი მანათი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია. აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის დონემ 11.7% შეადგინა.
თურქეთის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მხოლოდ 6 თვის შედეგებია გამოქვეყნებული. 2023 წლის პირველ კვარტალში თურქეთის ეკონომიკა 3.9%-ით, მეორე კვარტალში კი 3.8%-ით გაიზარდა.
ამასთან, თურქეთში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა. ის ივნისში 38%-მდე იყო შემცირებული, რაც აგვისტოში 59%-მდე დაჩქარდა.
გარდა ამისა, Fraser-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო 27-ე ადგილიდან 25-ე პოზიციაზე დაწინაურდა. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ადგილები ასე გადანაწილდა: აზერბაიჯანი - 122-ე ადგილი; თურქეთი - 101-ე ადგილი; სომხეთი - 33-ე ადგილი.