საქართველოდან ოქროს ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის ოთხ თვეში წლიურად 13.0%-ით შემცირდა. Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გლობალურად ფასის ზრდამ ექსპორტის საშუალო ფასზეც იმოქმედა, რომელიც წლიურად 14.6%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება გლობალურ ბაზარზე არსებულ ვითარებას, 2024 წლის მაისში ოქროს ფასი თვიურად 1.8%-ით გაიზარდა. მიუხედავად მცირე ზრდისა, ძვირფასი მეტალი თავის აღმასვლას განაგრძობს და თვის განმავლობაში ახალ რეკორდულ ნიშნულს - $2,400-საც გადააჭარბა.

„განგრძობითი ზრდა ინვესტორებს არწმუნებს, რომ მიზეზები ტრადიციულ ფაქტორებზე (რისკებისა და ინფლაციის ჰეჯირება) მეტია. მიუხედავად იმისა, რომ მათ კვლავ მნიშვნელოვანი როლი აქვთ, ამ ეტაპზე, მეტი გავლენა ცენტრალური ბანკებისა და საცალო ინვესტორებიდან მომდინარეობს. ცენტრალური ბანკების მოთხოვნა კვლავ მაღალია. 2022 წლის მე-3 კვარტლიდან მათმა ჯამურმა შესყიდვებმა 2,200 ტონა შეადგინა, რაც დღევანდელი ფასებით $170 მლრდ-ს უდრის.

ჩინეთის ცენტრალური ბანკი ლიდერობას ინარჩუნებს და უკვე ზედიზედ მეთვრამეტე თვეა რაც მეტალის შესყიდვას განაგრძობს. შედეგად, მის რეზერვებში ოქროს წილი 2022 წლის 3%-დან 5%-მდე გაიზარდა. რიცხვების უკეთ აღსაქმელად, ჩინური რეზერვების 1%-ის ღირებულების ოქრო, გლობალური მიწოდების 9%-ს უდრიდა 2023 წელს.

ძვირფასი მეტალი პოპულარულია საცალო მომხმარებლებშიც. ფასების ზრდასთან ერთად, მაღაზიათა ქსელმა Costco-მ ოქროს პატარა ზოდების გაყიდვა დაიწყო - მოხმარებელს შეუძლია სხვადასხვა პროდუქტების ყიდვისას ინვესტიციაც გააკეთოს და ხელს ოქრო გააყოლოს. Wells Fargo-ს მიხედვით, ყოველთვიურად Costco დაახლოებით $200 მლნ-ს ღირებულების ოქროს ყიდის. მიუხედავად ამისა, დაბალი ლიკვიდურობის გამო ინვესტირების ეს გზა შედარებით ნაკლებად მოთხოვნადია.

აღსანიშნავია, რომ ლეგალური ვაჭრობის გარდა, მზარდია ოქროს შავი ბაზარიც. SwissAid-ის კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად დაახლოებით $35 მლრდ-ს ღირებულების ოქრო გადის აფრიკიდან არალეგალურად, მათი უმეტესობის დანიშნულების ადგილი კი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. კვლევის მიხედვით, 2022 წელს 435 ტონა აფრიკული ოქრო გაიყიდა შავ ბაზარზე, რაც კონტინენტის მოპოვების 40%, ხოლო გლობალური მიწოდების 12%- ია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.