„სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემა 2015-2024 წლებში მკვეთრად გამწვავდა. კვლევის ავტორების შეფასებით, თანდათანობით იზრდება ოჯახების მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და მევახშეებისგან აღებული სესხების მოცულობაც. კერძოდ, 2015-2024 წლებში,  სხვადასხვა ფორმისა და ვადიანობის ვალი ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის 82.9%-ს, ხოლო, 2024 წლის მდგომარეობით, აქტიური ვალი უფიქსირდებოდა შინამეურნეობების 62.1%-ს.

ეკონომისტ რამაზ გერლიანის შეფასებით, ვალი და ბანკიდან სესხის გამოტანა, თავისთავადი პრობლემა არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ  მოსახლეობის შემოსავალი იმაზე ნაკლები სისწრაფით იზრდება, ვიდრე სესხები, ოჯახებისთვის მსგავსი ფინანსური ვალდებულებები უფრო და უფრო დიდი ტვირთია. ეკონომისტი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ხშირად ბანკიდან აღებული სესხი ცხოვრების პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებებს ხმარდება და არა ბიზნეს-ეკონომიკურ აქტივობას. 

„როდესაც ვსაუბრობთ ვალებზე, უნდა ვიაზრებდეთ, რომ ეს ვალი პირდაპირ ხარჯთან არის დაკავშირებული. მოქალაქეების მიერ აღებული სესხები, კვლავ წარმოებაში ვერ ეშვება, რაც ნიშნავს, რომ აქტივების უკან, ისევ ეკონომიკურ საქმიანობაში დაბრუნების კოეფიციენტი ძალიან დაბალია. ჭარბვალიანობა პრობლემა მაშინაა, როცა შენს შემოსავლებს ბევრად აღემატება ვალი, ან მაშინ, როცა შენი შემოსავლების დიდი ნაწილი ვალის გადახდას ხმარდება. საქართველოში ძალიან გახშირდა კერძო, არაფორმალური ვალების- ე.წ “მევახშეებთან” აღებული ვალების, რაც უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე საბანკო ვალდებულებები.

ეს რეალობა ეკონომიკურად ძალიან მძიმე სურათს ქმნის; რადგან როცა მოქალაქეები ვალებს ვეღარ იხდიან და “შავ სიაში” ხვდებიან, ისინი თავიანთ ეკონომიკურ შესაძლებლობას ვეღარ იყენებენ. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, მოქალაქეები ვალებს ინვესტირებისთვის არ იღებენ. ვალების უდიდესი ნაწილი იმიტომ აიღეს, რომ მათი შემოსავლები თვითკმარი არ იყო, ანუ სესხები პირადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად აიღეს და არა ეკონომიკური აქტივობისთვის“,- აღნიშნა გერლიანმა.