საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობს. ალიხან ისმაილოვმა და ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დიდი პოტენციალი არსებობს როგორც სავაჭრო ბრუნვის გაზრდის ისე ენერგორესურსების ტრანსპორტირების მხრივ თანამშრომლობაში.

ამ ეტაპზე საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმზეა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის პირველ 5 თვეში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 254.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლის ამ პერიოდისთვის რეკორდული ნიშნულია.

სავაჭრო ბრუნვაში უდიდესი 95% წილი 241.8 მლნ აშშ დოლარი ექსპორტზე მოდის და ეს მაჩვენებელი თითქმის 280%-ით არის გაზრდილი.

  • უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტის ჩამონათვალი
  • მსუბუქი ავტომობილები - $186.8 მლნ;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $15.3 მლნ;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $6.4 მლნ;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $6.1 მლნ;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $4 მლნ.

იმპორტზე მოდის  12.5 მლნ აშშ დოლარი. იმპორტით შემდეგი პროდუქტები შემოდის:

  • ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული გამოსაყენებელი საწერად, საბეჭდად ან სხვა გრაფიკული მიზნებისათვის - $1.5 მლნ;
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - $1 მლნ;
  • პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - $990.3 ათასი;
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - $942.1 ათასი;
  • ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - $734.5 ათასი.