საქართველო მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მსოფლიოს ეკონომიკებს შორის მე-100, ხოლო ევროპის მასშტაბით 30-ე ადგილზეა. ამის შესახებ მსოფლიოს ქვეყნების მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მშპ-ის 2022 წლის მონაცემებში წერია, რომელიც მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა. (მონაცემთა ხარისხის შეფასებაში საქართველოს მინიჭებული აქვს B კატეგორია, რაც ნიშნავს რომ მონაცემები კარგი ხარისხისაა).

პარიტეტი განსაზღვრავს, თუ რა თანხაა საჭირო ქვეყნის ეროვნულ ვალუტაში გარკვეული სამომხმარებლო კალათის შესაძენად და გამოითვლება აშშ დოლარში.

2022 წელს საქართველოს მშპ-მა 92 მლრდ დოლარი შეადგინა. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის სიაში მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო აზერბაიჯანს, რუსეთს, თურქეთს ჩამორჩება და უსწრებს მხოლოდ სომხეთს.

აზერბაიჯანი $209 მლრდ მშპ-ით 75-ე ადგილზეა. სომხეთი $62 მლრდ-ით 116-ე ადგილზე. რუსეთი $5,5 ტრლნ-ით მე-5 ადგილზე. თურქეთი $3,696 ტრლნ დოლარი-ით მე-9 ადგილზე. უკრაინა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის საიში 45-ე ადგილზეა. ქვეყნის მშპ-მა 2022 წელს $539 მლრდ შეადგინა.

მსყიდველუნარიანობის პარიტეტის ტოპ 10 ასე გამოიყურება :

  • ჩინეთი - $31,5 ტრლნ
  • აშშ - $23,1 ტრლნ დოლარი
  • ინდოეთი - $15,8 ტრლნ
  • იაპონია - $5,7 ტრლნ
  • რუსეთი - $5,5 ტრლნ
  • გერმანია - $5 ტრლნ
  • ინდონეზია - $4,8 ტრლნ
  • ბრაზილია - $4,2 ტრლნ
  • თურქეთი - $3,7 ტრლნ
  • საფრანგეთი - $3,5 ტრლნ


მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (Purchasing Power Parity (PPP)) არის სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის გათანაბრების მეთოდოლოგია. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობით უნარს ათანაბრებს იმ მიზნით, რომ ქვეყნების მონაცემები ერთმანეთთან უკეთ შესადარისი გახდეს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტს ძირითადად მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლიან ყველა ქვეყნისთვის. PPP-ს მიხედვით დათვლილი მაჩვენებლები ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ერთმანეთთან შესადარებლად გამოიყენება და არა ქვეყნის შიგნით მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების შესაფასებლად.