2023 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირია, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9 % - ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი სერვისის ამოქმედებიდან დღემდე ყველა წლის საშუალო მაჩვენებლებს აღემატება.
ბოლო 10 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 62.29 % - ით გაიზარდა, რაც ერთი მხრივ, სისტემის მიერ მოწყვლადი მოსახლეობის უკეთესი დაფარვით, ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით შეიძლება აიხსნას.
გარდა ამისა, მაისის მდგომარეობით, 254 333 ბავშვი საარსებო შემწეობის მიმღებია, რაც არასრულწლოვნების საერთო რაოდენობის 28.3 % - ია. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა 146.3 % - ით გაიზარდა.
ეკონომიკური ზრდის პარალელურად საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდას საოცრებას უწოდებს სოციოლოგი პაატა აროშიძე და ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სტატისტიკურად არსებული ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები და უმუშევრობის დაბალი რიცხვები, დაბალ ფენაზე არ აისახება.
„ეკონომიკური ზრდის პარალელურად საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდას საოცრებაა. თუმცა ეკონომიკური ზრდა ჩვენთან მხოლოდ რიცხვებშია ასახული და ის ყველა ოჯახის და მოქალაქის მდგომარეობაზე არ ისახება. ეკონომიკური ზრდის პარალელურად საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რეალურად, ბევრ სექტორში შემოსავლები შემცირდა. გარდა ამისა, მართალია ოფიციალურ მონაცემებში უმუშევრობის დონე შემცირდა, თუმცა რეალურად ის ორჯერ მაღალია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამო იზრდება ეს მაჩვენებელი, ქალაქში თუ ადამიანს აქვს შემწეობა, არ უღირს, რომ მუშაობა დაიწყოს რომელიმე სექტორში, თუ გაცილებით მეტს არ აიღებს. მაგალითად, ოჯახი თუ იღებს სოციალური შემწეობით 400-500 ლარს, 700 ლარიან ხელფასს არ დათანხმდება, რადგან სოციალურ შეღავათებს დაკარგავს, ამ დროს არაფრის კეთებით ფულს იღებს. გარდა ამისა, მას შეუძლია ერთჯერად სამუშაოზე დასაქმდეს, ამ შემთხვევაში არც ფულად დახმარებას დაკარგავს, მაგრამ ესეც არ უნდათ. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ სოციალური დახმარება რაღაც ეტაპზე კარგია, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილი მთავრობის ხელის შემყურეა და არ ცდილობს, გაექცეს შემწეობას, შესაბამისად საჭიროა პროცესების სწორად მართვა“, - აცხადებს პაატა აროშიძე.
გარდა იმისა, რომ დახმარების დანიშვნაზე მოსახლეობის მიმართვიანობა მზარდია, საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდაზე გავლენა მთავრობის პოლიტიკამაც იქონია. კერძოდ, პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. რაც ნიშნავს, რომ 2020 წლიდან სოციალური დახმარება არცერთ ოჯახს არ შეუწყდა. ამასთან, 2021 წლის ივლისიდან ბავშვთა დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა, რასაც პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზე გარკვეული გავლენა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის აპრილში მორატორიუმი გაუქმდა, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.
ჯანდაცვის სპეციალისტი ანდრია ურუშაძე ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ იმ ოჯახებისა და მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსგან მინიმალურ ფულად ბენეფიტებს საჭიროებენ - მზარდია, ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუარესებაზე და სისტემის გაუმართაობას მიუთითებს.
„სოციალური დაცვის სისტემა როცა კარგად მუშაობს, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა მცირდება, მაგრამ უფრო მეტი ფული მიდის ამ ადამიანებზე და მათი მეტად დახმარება შეგვიძლია. შესაბამისად ეს არ არის ფულის დაზოგვის მოტივაცია, ეს არის იმის მოტივაცია, რომ ვინც რჩება, მათ უფრო სრულად დაეხმაროს სახელმწიფო, მათ შორის ინვესტირება მოხდეს ახალგაზრდა თაობის განათლებაში, რომელიც გაწყვეტვს ამ სიღარიბის ჯაჭვს.
მეორე საკითხია ხომ არ უკარგავს ეს პროგრამები შრომის მოტივაციას მიმღებ ოჯახებს, რაც უფრო იზრდება რაოდენობა, მცირდება კონტროლი და მარტივი ხდება სოციალური შემწეობის მიღება, შესაბამისად მით მეტ ადამიანს აქვს ამის ცდუნება, მით უმეტეს საქართველოში.
თუმცა ამ პროგრამას ერთი თავისებურება აქვს, მას უფრო ხანგრძლივი ქრონიკული სიღარიბის დაჭერა შეუძლია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ზუსტად რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ პროგრამიდან და საჭიროა მისი სწორად განხორციელება. ის ამცირებს უფრო სიღატაკის სიღრმეს, მაგრამ ის, რასაც სიღარიბის შემცირება ჰქვია გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს სხვა სპეციალური დეტერმინატებით უნდა მოხდეს, ესაა ეკონომიკური რეალური ზრდა, ინვესტიციები განათლებაში, მათ შორის ამ თანხის ეფექტიანი გამოყენება, როდესაც მართლა სწორ ადამიანებზე ნაწილდება თანხა“, - განმარტავს ანდრია ურუშაძე.
ცნობისთვის, თუკი 2012 წელს ყოველთვიურად საშუალოდ 435 961 ადამიანი იღებდა სახელმწიფოსგან შემწეობას, 2022 წლისთვის ეს რიცხვი 659 005-მდე გაიზარდა. ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასთან ერთად, წლების განმავლობაში იზრდებოდა სოციალური შემწეობის საერთო მოცულობაც. თუკი 2012 წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 135 მილიონი ლარი გამოიყო, 2022 წელს სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის სახელმწიფოს მიერ გადარიცხულმა თანხამ 620 მილიონ ლარს გადააჭარბა.