სანქცირებული მოსამართლეები დეკლარაციების შემოწმებაზე უარს ამბობენ - მურუსიძე-ჩინჩალაძესთან ახალი კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბრიტანეთმა ორივე მათგანი სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა.
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ისთვის ამოუხსნელია, რატომ შეიძლება ჰქონდეს მოსამართლეს, რომელიც საკუთარ თავს კეთილსინდისიერად მიიჩნევს, წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის შემოწმებასა და საკუთარი კეთილსინდისიერების დადგენაზე.
ცნობისთვის, 2024 წლის 12 იანვარს, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ დასამონიტორინგებლად 300-მდე თანამდებობის პირი შეარჩია. ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო IDFI, ხოლო დეკლარაციების მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა ანტიკორუფციულ ბიუროს.
"როდესაც მოსამართლე, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელით, რომელსაც უნდა ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია, ერიდება და თავს უვლის ისეთ მარტივ ანტიკორუფციულ მექანიზმებს, როგორიც არის დეკლარაციის შემოწმება, შესაძლოა ნამდვილად ჰქონდეს, რაღაც დასამალი. უკვე 2 წელია მოქმედი რეკომენდაცია არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება და მსგავსი ინციდენტები, როგორიც არის ეს დავები საკუთარი ქონების დეკლარაციებთან დაკავშირებით, თუ საერთაშორისო კითხვისნიშნები ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ბევრი სხვადასხვა ინციდენტი, რომელიც არის ძალიან უხეში დარღვევა და ადამიანებისთვის მართლმსაჯულებაზე უარის თქმა, რომელსაც ჩვენ სასამართლოს სისტემისგან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვხედავთ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოში გამოყენებული უნდა იქნას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი", - ამბობს IDFI-ის მკვლევარი.
"სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ მოსამართლეებს ბევრი რამ აქვთ დასამალი და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს დეკლარაციებსი შემოწმებაზე და თავიანთ გავლენებს იყენებენ.
"რომელი მოსამართლე გაბედავს და ჩინჩალაძის წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ან მურუსიძის" - ამბობს ჯანეზაშვილი.
"თუ კი რაიმე კითხვები გაჩნდება მათ დეკლარაციებთან დაკავშირებით, იქნება გარკვეული საფუძვლები ჯარიმის ან სხვადასხვა ტიპის პროცედურების, ისინი მაშინვე მიმართავენ ამ ხერხს. როგორც ჩანს ბევრი რამ დასამალი აქვთ საზოგადოებისგან და საჯაროობისგან და ასე ცდილობენ, რომ დააღწიონ თავი ამ გზით და იყენებენ თავის გავლენებს. ეხლა, რომელი მოსამართლე გაბედავს და ჩინჩალაძის წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ან მურუსიძის. მოსამართლეები სწორედაც რომ ამ ტიპის კორუფციულ გარიგებაში არიან ჩართული, როდესაცისინი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ სასამართლო სისტემას. სანქციებიც ბუნებრივია ამაზე მეტყველებს და სანქციებზე მითითებული არგუმენტებიც, რომ ეს არის ისეთი ხალხი, რომელსაც კორუფციასთან მიმართებაში აქვთ სერიოზული პრობლემები", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დიდმა ბრიტანეთმა ორივე მათგანს ფინანსური სანქციები დაუწესა. ლევან მურუსიძე "პირველებს" უდასტურებს, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ, მისი სახელფასო ბარათი დაბლოკილია.
წყარო: tvpirveli.ge