საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომელიც მეტწილად აუქმებს სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათს, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის შესაძლებელს ხდის დაიბეგრონ მხოლოდ 1%-ით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის გადასახადები შევა და ის 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მშენებლობის სექტორში მცირე მეწარმის სტატუს ანიჭებენ კომპანიაში დასაქმებულ მუშებს, რომლებიც არა დაქირავების ხელშეკრულებით, არამედ სერვისის მიწოდების ხელშეკრულებით მუშაობენ და აწვდიან სერვისს კომპანიებს და შედეგად 20%-ის ნაცვლად 1%-ით იბეგრებიან.
მამუკა ბარათაშვილის განცხადებით სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრებიან ნებისმიერ ხელშეკრულებაში, რომელთაც გააფორმებენ კომპანიებთან და მეწარმე იურიდიულ პირებთან, მათთვის შეღავათი შენარჩუნდება მხოლოდ მაშინ თუკი კონტრაქტს გააფორმებენ სხვა ფიზიკურ პირთან, რომელიც მეწარმის სტატუსს არ ატარებს.
თუმცა ქართული ოცნების წევრის ბეჟან წაქაძის განცხადებით, 1 იანვრამდე სულ 2 კვირაა დარჩენილი, რა დროშიც ბიზნესები გადაწყობას ვერ მოახერხებენ, დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება საბოლოოდ მშენებლობის გაძვირებას გამოიწვევს.
კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ გაიზიარა ვადებთან დაკავშირებული მოსაზრება და განაცხადა, რომ უმჯობესია თუკი ცვლილება 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
საბოლოოდ, სხდომაზე საკითხს იმ პირობით დაუჭირეს მხარი, რომ ის 2025 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.