2024 წლის მდგომარეობით ქართული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა 2 მილიარდ ლარს აჭარბებდა, აქედან დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე მოდიოდა, ხოლო 675 მილიონი ლარი ლარის ემისიებზე.

წინა წლების მსგავსად, ობლიგაციების ბაზარი კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საშუალო წლიური ზრდა 31%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელიწადში ემიტენტების მხრიდან გაიზარდა ინტერესი ევროში დენომინირებული ობლიგაციების მიმართ, რის შედეგადაც 2024 წლის მდგომარეობით, 128 მლნ ლარის მოცულობის ევროში დენომინირებული ობლიგაციები იქნა გამოშვებული.

შარშან ჯამში 570 მლნ ლარის მოცულობის საჯარო კორპორაციული ემისია განხორციელდა. ამ მოცულობის ემისია ჯამში 11-მა ქართულმა კომპანიამ განახორციელა. ამას გარდა, შარშან ბაზარს ექვსი ახალი ემიტენტი დაემატა. ემისიების 66% დოლარზე მოდის, 20% - ლარზე, 14% კი ევროზე.

ობლიგაცია სავალო ფასიანი ქაღალდია. ემიტენტი გამოსცემს ობლიგაციას, რათა მიიღოს თანხა ინვესტორებისგან, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაასესხონ ფული გარკვეული დროის პერიოდით.

როდესაც ინვესტორი ყიდულობს ობლიგაციას, ის ფულს ასესხებს ობლიგაციის გამომშვებ პირს, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო, საფინანსო ინსტიტუტი ან კორპორაცია. სანაცვლოდ, ინვესტორის წინაშე ემიტენტი ვალდებულია, გაისტუმროს ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება, რომელთა ანაზღაურებაც უნდა მოხდეს ობლიგაციის დაფარვის ვადის ფარგლებში.

წყარო: bm.ge