საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" გააუმჯობესა.

2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი შეფასების თანახმად, პერსპექტივის გადახედვა იმას უკავშირდება, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები.

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო ბუფერები მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით დაბალია.

Fitch-ი ვარაუდობს, რომ საერთაშორისო რეზერვები 2026-2027 წლებში მიმდინარე ანგარიშის საშუალოდ 2.6 თვის დონეზე სტაბილიზდება (3.2 თვე რეექსპორტის გამოკლებით), თუმცა ეს მაინც გაცილებით დაბალი იქნება 2025 წლის მიმდინარე „BB“ რეიტინგის საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც 4.8 თვეა.

სააგენტო, ასევე, აღნიშნავს საგარეო მოწყვლადობის შემცირებას, რაც ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას გულისხმობს და თავის მხრივ გამოწვეულია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან გზავნილების გააქტიურებით.

"საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა და 2022-2024 წლებში საშუალოდ 4.4%-ს მიაღწია, 2015-2019 წლებში მშპ-ს საშუალო წლიური 9%-ის ნაცვლად. ამას ხელი შეუწყო რუსეთიდან 2022-2023 წლებში განხორციელებულმა ერთჯერადმა მსხვილმა კერძო ფულადმა გზავნილებმა. თუმცა, Fitch-ის აზრით, ბოლო წლებში მომსახურების ექსპორტის მნიშვნელოვანი და სავარაუდოდ მდგრადი ზრდა შეინიშნება, მათ შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მოგზაურობის, ფინანსური მომსახურებისა და განათლების სექტორებში. ამგვარად, სავარაუდოდ, 2025-2027 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 5%-თან ახლოს დასტაბილურდება (კვლავაც 2-ჯერ მეტი, ვიდრე ამჟამინდელი „BB“ მედიანა 2.4%-ია)",- წერია შეფასებაში.

ცნობისთვის, სარეიტინგო სააგენტო საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026 წელს 5.3%-იან და 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის. ეს გაუმჯობესებული პროგნოზია, ვინაიდან აქამდე Fitch ელოდა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით.

როგორც Fitch-ი ვარაუდობს, საქართველოს წმინდა საგარეო ვალი 2027 წლისთვის მშპ-ს 36.2%-დან 32%-მდე შემცირდება, რაც კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება პროგნოზირებულ 13.4%-იან „BB“ მედიანას.

"ჩვენი საბაზისო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინების აღდგენისა და შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.",- წერია შეფასებაში.