ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად ლარი დოლართან გამყარდა და 1 აშშ დოლარის ფასი 2,49 ლარს შეადგენს.
როგორ იმოქმედებს ეროვნული ვალუტის გამყარება საქართველოს ეკონომიკაზე, როგორ აისახება ეს სამომხმარებლო ფასებზე და რა პროგნოზებია ამ მხრივ - ამ თემებთან დაკავშირებით „კომერსანტის“ ეთერში ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა.
ირაკლი მაკალათიას თქმით, ლარის გამყარების უკვე არსებულ მიზეზებს ბოლო პერიოდში კიდევ ერთი - თავად აშშ დოლარის გაუფასურება დაემატა.
„ეს მომენტი, როდესაც დოლარი უფასურდება და ამის შედეგად მყარდება ლარი, არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ეკონომიკა უმჯობესდება და არც ისაა მაინცდამაინც პოზიტიური, რომ დოლარის კურსთან გვიმყარდება ლარი. ეს მოცემულობა უბრალოდ ინფლაციის შედეგად გვაქვს.
რაც შეეხება სხვა დამხმარე ფაქტორებს, რომელმაც ლარის გამყარებაზე იმოქმედა, ეს უკავშირდება ფულად გზავნილებს, რომლის მთავარი განმაპირობებელი მიგრანტების აქტივობაა. დამატებითი ფაქტორია ექსპორტის ზრდაც, თუმცა ეს დიდ ფაქტორად არ შეიძლება განვიხილოთ.
არასტაბილური სავალუტო ბაზარი გვაქვს, როგორც გაუფასურება იძლევა ნეგატიურ შედეგებს, ასევე სწრაფი გამყარებაც არ ქმნის ჯანსაღ გარემოს და მაგალითად ექსპორტიორებს ექმნებათ პრობლემები და უჭირთ გადაწყობა. ექსპორტიორებს გამოსავალი ექნებათ ის, რომ ასახონ ფასებზე, აქ ტენდენცია და ტემპია გასათვალისწინებელი,“ - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.
ეკონომიკის დოქტორის თქმით, ვალუტის გამყარება არ ქმნის პრობლემებს თუ ეს გამოწვეულია ეკონომიკის განვითარებითა და გაძლიერებით, მაგრამ როცა ეს არის გარე ფაქტორების და უცხოელი მიგრანტების შედეგი ამას თან ახლავს გამოწვევებიც.