ქართული ვაშლის ბაზარზე ვაშლის ფასები წარმოუდგენლად სტაბილური რჩება, ამის შესახებ East Fruit-ი წერს.

ისეთი პოპულარული საერთაშორისო ჯიშის ვაშლის, როგორიცაა Golden-ის ფასი ადგილობრივ ვალუტაში - ქართულ ლარში, ისეთივე დაბალია, როგორც 2019 წელს იყო, როდესაც ვაშლის ფასი ევროპის ყველა ქვეყანაში რეკორდულად დაეცა. სხვათა შორის, საქართველოში ვაშლის მოხმარების უმეტესი ნაწილი სწორედ Golden-ის ჯიშს შეადგენს.

და თუ საქართველოში ვაშლის საბითუმო ფასს შევადარებთ უკრაინის, მოლდოვასა და პოლონეთის ფასებს, აშკარა ხდება, რომ საქართველოს შეუძლია წარმატებით შემოიტანოს ვაშლი ამ ქვეყნებიდან. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ვაშლის საბითუმო ფასები ახლა ორჯერ მაღალია, ვიდრე მოლდოვაში, უკრაინასა და პოლონეთში, წერს East Fruit-ი.

ამავდროულად, ადგილობრივ მწარმოებლებს გარკვეული სირთულეები აქვთ ვაშლის რეალიზაციასთან დაკავშირებით. იმპორტიორები მაღალხარისხიანი იმპორტირებული ვაშლის რეალიზაციის შედარებით დაბალ ტემპზე საუბრობენ.

ბაზრის რამდენიმე მსხვილი მონაწილე ერთდროულად ამბობს, რომ წელს მთავარი ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაშლის ბაზარზე, „კეხურას ფაქტორია“.

კეხურა ვაშლის ქართული ჯიშია, თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობას ვაშლის ეს ჯიში აღარ უყვარს და უპირატესობას ზემოთ უკვე ნახსენებ „გოლდენს“ ანიჭებს.

ამავდროულად, საქართველოში „კეხურა“ დიდი რაოდენობით მოჰყავთ. საქმე ისაა, რომ ამ ჯიშის ვაშლის ხე ძალიან უპრეტენზიო და პროდუქტიულია. კეხურას ვაშლის ჯიშის ნაყოფს აქვს ლამაზი წითელი ფერი და, რაც მთავარია, ეს ვაშლი კარგად ინახება სარდაფებშიც კი.

როგორც წესი, კეხურას ჯიშის არც თუ ისე გემრიელი ვაშლი რუსეთში იყიდებოდა. იქ, ჯიშებში ცუდად მცოდნე მომხმარებელმა, ამ პროდუქტს მაღალი ფასიც კი დაადეს.

თუმცა, წელს, რუსეთის მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრი კლების და საქართველოსა და რუსეთს შორის ლოგისტიკური პრობლემების გამო, კეხურაზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. აქედან გამომდინარე, ქართველი მებაღეების ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა ვაშლის გასაღება გაუჭირდეთ.

სხვათა შორის, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ვაშლის არაპერსპექტიული ჯიშების მოშენებას და ასევე ანელებს ვაშლის ხარისხის სტანდარტების ამაღლებაზე გადასვლას. ამასთან, არ არსებობს სტიმული ხარისხიანი ვაშლის მოყვანისთვის, რაც აქვეითებს მებაღეების მოტივაციას, წერს East Fruit-ი.

თუმცა, „კეხურას ფაქტორი“ ალბათ ხელს შეუწყობს ქართული მებაღეობის შემდგომ განვითარებას. East Fruit-ი იმასაც წერს, რომ წელს ქართული ვაშლი პირველად მოხვდა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მაღალი ხარისხის და ძვირადღირებული ვაშლის გატანა შეუძლია მაღალ ხარისხზე მოთხოვნის მქონე ქვეყნებში.