ევროკომისიის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება, რაც აუცილებელია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად, შესაბამისად საქართველომ თავის ტერიტორიაზე რუსეთიდან არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.

ექსპერტი საავიაციო საკითხებში იასე ზაუტაშვილი „კომერსანტთან“ სტანოს განცხადებას აფასებს და ვარაუდობს, რომ რუსეთის ფედერაცია გეგმავს განახორციელოს რეისები საკუთარი წარმოების ხომალდებით და იმ კომპანიით, რომელიც სანქცირებულთა სიაში არ არის და ტექნიკურ შემოწმებას რუსეთის ტერიტორიაზე გადის.

„ყველა იმ საჰაერო ბორტს, ბოინგის იქნება, ეარბასის თუ ნებისმიერი სხვა უცხოური მწარმოებლის, გარდა რუსეთისა, რომელიც იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე, შეზღუდული აქვს ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობა, რაც კატეგორიულად არღვევს ქვეყნის უსაფრთხოების სტანდარტებს და შესაბამისად დაუშვებლად უნდა მივიჩნიოთ ჩვენც, რომ ნებისმიერი სახის გადაზიდვა ან მგზავრთა გადაყვანა მოხდეს ამ ტიპის საჰაერო ხომალდებით ჩვენს ტერიტორიაზე.

თუმცა აქ არის ერთი გამონაკლისი, როგორც ჩემთვის ცნობილია, რუსეთის ფედერაცია ამ საჰაერო მიმოსვლის გახსნის შემდეგ, გეგმავს განახორციელოს ფრენები იმ კომპანიის მიერ რომელსაც გააჩნია რუსული ტიპის ტექნიკა ე.წ. „სუხოი სუპერჯეტის“ ტიპის, რომელიც წარმოებულია რუსეთში, საუბარია 100-კაციან საჰაერო ხომალდზე, რომელსაც ტექნიკური შემოწმება უტარდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, შესაბამისად ეს არ არღვევს იმ პირობებს, რაზედაც ევროკავშირის რეკომენდაციაშია საუბარი.

ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ალბათ ის ცვლილებით, რომელიც ახლა მოხდა, საჰაერო მიმოსვლების აღდგენას ვგულისხმობ, რუსეთის ფედერაცია გეგმავს განახორციელოს რეისები საკუთარი წარმოების ხომალდებით და იმ კომპანიით რომელიც სანქცირებულთა სიაში არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჩვენს ქვეყანაში ფრენის საშუალება არ უნდა მიეცეთ“, - ამბობს იასე ზაუტაშვილი.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.

„ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 15 მაისიდან გააუქმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და ასევე გააუქმა რუსული ავიახაზების აკრძალვა ქვეყანაში პირდაპირი ფრენების შესახებ.