2022-2025 წლებში, საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპის (საშუალოდ 9%) მთავარი მიზეზი, პანდემიის დასრულებასთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი იყო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ამ ომისგან ეკონომიკის მხრივ დანაკარგზე მეტი სარგებელი მიიღო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022-2025 წლებში მიღწეული საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, მხოლოდ გაიანას და ყირგიზეთს ჩამორჩება. მე-4 ადგილზე სომხეთია. გაიანაში წლების წინ ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს და ამის გამო მისი ეკონომიკა სწრაფად იზრდება. ყირგიზეთის, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ ზრდაზე კი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად რეგიონში შეცვლილმა ეკონომიკურმა გარემომ მოახდინა  გავლენა.

2026 წელსაც საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, წლის პირველ ნახევარში 7.8%-ით გაიზარდა. საინტერესოა, რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდა იანვარ-ივნისში.

ეკონომიკის ზრდაში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა იგულისხმება. რეალური მშპ-ის ზრდა უჩვენებს, ერთი წლის განმავლობაში რამდენი პროცენტით გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება. რეალური მშპ-ის ზრდა არ მოიცავს ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის ეფექტით გაზრდილ ღირებულებას. ის მხოლოდ წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობის ზრდას ასახავს.

მშპ-ის სექტორებად ჩაშლილი მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტად შემდეგი სექტორები გაიზარდა: ინფორმაცია  და კომუნიკაცია (ICT) – 26%, ტრანსპორტი და დასაწყობება – 19%, ხელოვნება და გართობა – 16.1%, ჯანდაცვა 13.8%. კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორსა (-3.5%) და სოფლის მეურნეობაში (-3.4%).

ზრდის ტემპთან ერთად მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია სექტორი, რადგან, რაც უფრო დიდ სექტორშია მაღალი ზრდა, მით უფრო სწრაფად იზრდება ქვეყნის ეკონომიკა. 

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ეკონომიკის 7.8%-იან ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა (ITC) შეიტანა – 2.3% პუნქტი. ეს სექტორი 2022 წელს – 59%-ით, 2023 წელს – 28%-ით, 2024 წელს – 25%-ით, ხოლო 2025 წელს 29%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალ ზრდას ორი მთავარი მიზეზი აქვს: საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული რუსი, ბელარუსი და უკრაინელი ემიგრანტები და 2021 წლიდან საქართველოში ამოქმედებული სპეციალური საგადასახადო რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც IT–სფეროში მოქმედ ქართულ კომპანიებს შეუძლიათ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიიღონ და მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ. საქსტატის ბიზნესრეგისტრის მონაცემებით, საქართველოში 9,000-მდე ბიზნესსუბიექტი საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სფეროში (ინდმეწარმეების ჩათვლით) და აქედან, 8,000-მდე 2021 წლის შემდეგ არის რეგისტრირებული საქართველოში და მათი 80% რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ სხვა ქვეყნის რეზიდენტებისთვის კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების გაწევის ჯამურმა ღირებულებამ 2021 წელს – 153 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2025 წელს 8-ჯერ მეტი, 1,148 მლნ დოლარი შეადგინა. 2026 წლის პირველ კვარტალში შემოსავალმა 441 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე 66%-ით მეტია.

ეკონომიკურ ზრდაში წილით მეორე ადგილზე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორია, რომელიც 19%-ით გაიზარდა და ჯამურ ზრდაში 1.9% პუნქტი წილი შეიტანა. 2022-2025 წლებში ტრანსპორტის სექტორი საშუალოდ 17%-ით იზრდებოდა. მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი ომის გამო რუსეთიდან და შუა აზიიდან მომავალი ტვირთების ნაწილის საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადმონაცვლებაა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი გაორმაგებულია და 1.7 მლრდ დოლარს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ნახევარში რკინიგზით საერთაშორისო გადაზიდვები 18%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანზიტი – 9%-ით. 2022 წელთან შედარებით 2025 წელს საქართველოს ნავსადგურებში 86%-ით მეტი კონტეინერი გადამუშავდა. 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდა 9%-ია. 2022-2025 წლებში საქართველოს აეროპორტებში მიღებული და გაგზავნილი ტვირთის წონა 2-ჯერ გაიზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდა 29%-ია. 

ზრდაში წილით მესამე ადგილზეა ვაჭრობაა, რომელიც 6.9%-ით გაიზარდა და მისი წილი ჯამურ ზრდაში 0.7% პუნქტია. 

7.8%-იან ზრდაში 4% პუნქტზე მეტი ისეთ სექტორებზე მოდის, რომელთა ზრდას რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. რომ არა ომის გავლენა, ეს სექტორები მაინც გაიზრდებოდა, მაგრამ – ნაკლებად. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022-2024 წლებთან შედარებით ომის ეფექტი შემცირებულია.

ვრცლად forbes.ge-ზე