„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ” (GREDA) ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კანონპროექტი შეიმუშავა. ინიციატივის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადიდან გარკვეული თანხა იმ სოფლის მოსახლეობას დაუბრუნდება, სადაც განახლებადი ენერგიის სადგური შენდება.
კანონპროექტის დეტალებზე ,,კომერსანტი“ „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა. მაია მელიქიძე საკანონმდებლო ინიციატივის არსს განმარტავს.
,,ქონების გადასახადი მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და ცენტრალური ბიუჯეტიდან ეს თანხა უბრუნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. დაბრუნებული ქონების გადასახადიდან გარკვეული პროცენტი მოხმარდება იმ ერთ კონკრეტულ სოფელს, სადაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს და სადაც ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებიც ხვდებიან ზეგავლენის ქვეშ. რა გაკეთდება ამ თანხით, გადაწყვეტილებას იღებს სოფელი და არა მუნიციპალიტეტი. სოფელს წყალი უნდა, გაზი უნდა, გზა ესაჭიროება თუ რომელიმე კულტურული ღონისძიების ორგანიზება- ამას სოფლის მოსახლეობა გადაწყვეტს.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში მაია მელიქიძე.
მსგავსი სქემა ევროპის მრავალი ქვეყანაში მოქმედებს. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ინიციატივა ზუსტად პასუხობს მთავარ გამოწვევას, რომლის მიხედვითაც რეგიონებში მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს, რის გამოც ინვესტორები მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებენ. მაია მელიქიძე აცხადებს, რომ ინვესტორებს აკუმულირებური აქვთ თანხები, თუმცა სწორედ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ აშენებენ და პროექტების რეალიზებას ვერ ახდენენ.
,,ამით ზიანდება არა მხოლოდ სექტორი არამედ ქვეყანა, რადგან მოხმარება მუდმივად იზრდება და საქართველო უფრო იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ხდება. რაც ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას სერიოზულ გამოწვევებს უქმნის.’’- აცხადებს მაია მელიქიძე.
„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში” მიაჩნიათ, რომ ინიციატივის კანონად ქცევა სოფლებს შორის კონკურენციას გაზრდის, რადგან მოსახლეობა დაინახავს განვითარების მაღალ ტემპსა და ხელშესახებ სარგებელს იმ სოფლებში, სადაც ჰიდროელექტროსადგურები შენდება.
ამ დროისთვის ინიციატივის აქტიური განხილვა მიმდინარეობს. კანონპროექტი ტექნიკურად გამართულია და ახლა ინიცირებისთვის ყველა საჭირო უწყებისგან მწვანე შუქს ელოდება. მაია მელიქიძე აცხადებს, რომ ინიციატივას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მხარს უჭერს და კანონპროექტის ინიცირების მზაობას გამოთქვამს.
,,აუცილებლობაა, რომ ინიციატივას მწვანე შუქი აუნთონ ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროებმა. მათთან იდეის დონეზე განიხილეს საკითხი და მოიწონეს. ახლა კანონპროექტის საჭიროება უნდა განიხილონ.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში მაია მელიქიძე.
ინიციატივის ფორმირებამდე „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ’’ საერთაშორისო ხასიათის კვლევა ჩაატარა. შეისწავლეს ნორვეგიაში მოქმედი საკანონმდებლო მექანიზმი და ნორმა, რომლებმაც ადგილობრივ მოსახლეობაში ნეგატიური განწყობების მინიმუმამდე დაყვანა უზრუნველყო. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში მსგავსმა ინიციატივამ იმუშავა და შედეგიც გამოიღო.