2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 25.1%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

 

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების I კვარტლის ინდექსის მიხედვით, RPPI-ის დაფარვა მხოლოდ ქ. თბილისით შემოიფარგლება და მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს მოიცავს.

 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასები ბინების სეგმენტში 2.4%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, კერძო სახლების ფასების ინდექსი 3.5%-ით შემცირდა.

 


2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 9.3%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 11.6%-ით.

 

2023 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება მწვანე კარკასის შემთხვევაში ₾3 284 იყო, თეთრი კარკასის - ₾2 821, ხოლო შავი კარკასის ₾2 474.