გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორ ირაკლი გულედანთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად მესაქონლე ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრაზე პირუტყვის დაავადებების დიაგნოსტიკისა და ლაბორატორიული კვლევების საკითხები განიხილეს. ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ არსებული ლაბორატორიული შესაძლებლობების, კვლევითი მიმართულებებისა და სერვისების შესახებ.

„პირუტყვის ჯანმრთელობის დაცვა და დაავადებების დროული დიაგნოსტიკა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფერმერული მეურნეობის მდგრადობისთვის. ბრუცელოზი კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად, ამიტომ აუცილებელია ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდა, რეგულარული ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება. სახელმწიფო მზად არის, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ფერმერებს როგორც დიაგნოსტიკის, ისე კონსულტაციების მიმართულებით“, -  განაცხადა ლაშა ავალიანმა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მსგავსი სახის შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ფერმერთა ინფორმირებულობის ზრდას, ისე ლაბორატორიული სერვისების კიდევ უფრო ეფექტიან დაგეგმვასა და განვითარებას.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს