„თანაინვესტირების ფონდის “ პროექტის „მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებით, ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს შესაძლოა, ბრალი დამძიმდეს. ბიძინა ივანიშვილის იურისტის, თემო წიქვაძის განცხადებით, საქმე პროექტის გაჭიანურებას და მისი ბიუჯეტის $100 მილიონით გაზრდას შეეხება, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მოხდა დიდძალი ოდენობით თანხების არამიზნობრივად გახარჯვა და გაფლანგვა.
ექსპრემიერის ადვოკატის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა თავად თანაინვესტირების ფონდიც, სადაც აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული მასალები უკვე პროკურატურას მიაწოდეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტ მტკვარი ჰესის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარი ჰესიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.
სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას,“- ნათქვამია განცხადებაში.