„რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის ეკონომიკური რესურსების დაჩქარებულ ათვისებას და აღრმავებს რეგიონში მის ეკონომიკური გავლენებს“, - ასეთ დასკვნას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საკუთარ პუბლიკაციაში, რომელშიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთზე ეკონომიკური გავლენის გაზრდის მეთოდებთან დაკავშირებით საუბრობს.

ორგანიზაცია შენიშნავს, რომ ბოლო დღეებში, აფხაზეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში აქტიურად განიხილება რუსული კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ რუსულ-აფხაზურ შეთანხმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთში რუსული ინვესტიციებისთვის მასშტაბური საგადასახადო და ეკონომიკური შეღავათების დაწესებას. ამგვარი შეთანხმებების მიღების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია მკვეთრად გააძლიერებს საკუთარ ეკონომიკურ გავლენებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც გარდა იმისა, რომ გაზრდის აფხაზეთის ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე, ასევე ნეგატიურად აისახება ადგილობრივ ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ ინტერესებზე.

"რუსული კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ რუსულ-აფხაზური შეთანხმების პროექტი აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტს უკვე წარუდგინა ასლან ბჟანიამ დასამტკიცებლად. დოკუმენტი რუსული ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად არაერთ შეღავათს ითვალისწინებს, მათ შორისა:

1. 2 მილიარდი რუსული რუბლის (დაახლოებით 22 მილიონი დოლარი) ოდენობის საინვესტიციო პროექტის გათავისუფლება იმპორტის საბაჟო გადასახადისგან სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის შემოტანაზე;

2. 8 წლის ვადით რუსული კომპანიების ქონებისა და მოგების გადასახადისგან გათავისუფლება;

3. რუსული კომპანიებისთვის დღგ-ს ანაზღაურება აფხაზეთის ბიუჯეტიდან;

4. უპირატესობის მიღების წესი პროექტის განსახორციელებლად საჭირო სიმძლავრეებისა და კავშირების საინჟინრო ქსელებთან და კომუნიკაციებთან დასაკავშირებლად;

5. გირავნობის რეგისტრაციის შესაძლებლობის მიცემა საინვესტიციო ობიექტზე.

გარდა ამისა, ინვესტორს ასევე აქვს უფლება მიიღოს უცხოელი დასაქმებულების კვოტა და ზარალის ანაზღაურება აფხაზეთის ბიუჯეტიდან შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების არასათანადო შესრულების შემთხვევაში. იურიდიული პირი, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს აფხაზეთში და რომელზეც შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდება, შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული კომპანიის ფილიალი. მეტიც ის ფული, რასაც ინვესტიცია შეიტანს აფხაზეთში არ გაივლის აფხაზურ ბანკებს, არამედ ხელშეკრულება ითვალისწინებს აფხაზეთში რუსული ბანკის გახსნას.

აფხაზეთში უკვე საუბრობენ, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება და ის არ მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მეტიც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის შესაძლებელია ის ფატალურიც კი აღმოჩნდეს, რადგან როგორც მინიმუმ 8 წლიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ისედაც სუსტი აფხაზური ბიზნესი რუსულ ბიზნესთან უთანასწორო კონკურენციის პირობებში ჩამოიშლება. საზოგადოებრივი განხილვების ფარგლებში საუბარი მიდის იმაზეც, რომ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე რუსეთი მაქსიმალური ძალებით უტევს მოქმედ დე-ფაქტო ხელისუფლებას მისი ინტერესების გასატანად, ბჟანიასთვის კი ახლა მნიშვნელოვანია აჩვენოს ერთგულება რუსეთის მიმართ და ამ გზით მოსკოვისგან მხარდაჭერა მიიღოს.

ამ შეთანხმების პარალელურად, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ცდილობს დააჩქაროს ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონი, რომელიც გულისხმობს აფხაზეთში უცხოელები მიერ უძრავი ქონების აშენების და ყიდვის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა რომ ეს აფხაზეთის ეკონომიკის გამოცოცხლების მიზანს ატარებს, აფხაზეთში მიაჩნიათ რომ ამ კანონპროექტის მიღება არაერთ ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ ცვლილებებს და რუსების რაოდენობის გაზრდას რეგიონში, ურბანული დაგეგმვის არარსებობის პირობებში უკონტროლო მშენებლობების მოზღვავებას, ადგილობრივი ინვესტორების უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას და ა.შ. აფხაზეთში ამ კანონპროექტთან დაკავშირებული მძლავრი პროტესტის გამო, „პარლამენტში“ მისი განხილვა შეჩერებულია, თუმცა დე-ფაქტო პრეზიდენტი ცდილობს პროცესების დაჩქარებას მისი გეოგრაფიული შეზღუდვით ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რეგიონებზე.

ეს ინიციატივები აფხაზეთში მიმდინარე იმ ანექსიური პროცესების გაგრძელებაა, რომელიც რუსეთმა განსაკუთრებით გაააქტიურა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ მასზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების შედეგად. კრიზისში შესული რუსეთი ცდილობს მიისაკუთროს სტრატეგიული რესურსები და ობიექტები აფხაზეთში (სოხუმის ბაბუშერას აეროპორტი, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები) და აითვისოს პერიფერიული ბაზრები საკუთარი ინტერესებისთვის, რაც აფხაზეთის რეგიონის სრულ ეკონომიკურ ანექსიას გამოიწვევს. გარდა იმისა, რომ ამ პროცესს მძიმე პოლიტიკური იმპლიკაციები ექნება როგორც სოხუმისთვის, ისე თბილისისთვის (განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან შავ ზღვაზე და სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ინფრასტრუქტურისა და კონტროლის დამყარების მაღალი ინტერესების ფონზე), მას ნეგატიური გავლენა ექნება რეგიონის ეკონომიკაზე და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში აფხაზეთში მიმდინარე ანექსიური პრაქტიკების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც საქართველოს ხელისუფლება კრიტიკულად არ პასუხობს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და დუმილითა და უმოქმედობით იწყნარებს მძიმე პროცესებს რეგიონში.

საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, თუ როგორ შეიძლება უკრაინის ომის შემდეგ შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში აფხაზეთს შესთავაზოს ახალი და ქმედითი უფლებრივი, სოციალური და ეკონომიკური ალტერნატივები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა აფხაზურ საზოგადოებაში სულ უფრო მეტად იზრდება უკმაყოფილება რუსეთის მზარდი გავლენების, რესურსების მითვისებისა და კონტროლის მიმართ, საქართველოს კი ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინსვლის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებითაც ახალი შესაძლებლობები ეძლევა“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.