მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი საქართველოს ენერგეტიკისთვის „ენგურჰესის“ მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - „ენგურჰესი“ ჩვენი ენერგეტიკის ლოკომოტივი და ყველაზე მნიშვნელოვანი სადგურია. ის, რომ თუნდაც დღევანდელი გაძვირებული ტარიფი არის მთელს ევროპაში და მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დაბალი, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს „ენგურჰესის“ იაფიანი დენი“, - ამის შესახებ გიორგი მარგებაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გასულ 2025 წელს „ენგურჰესმა“ 4 მილიარდი კილოვატ საათი გამოიმუშავა.

აქედან 2 მილიარდი რჩება აფხაზეთის ჩვენს არაკონტროლირებად მხარეს და 2 მილიარდი კილოვატი საათი ნაწილდება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ანუ, ნაწილდება „თელასსა“ და „ენერგო პროში“, რომ ეს ტარიფი დაბალი იყოს. ვიცით, რომ „ენგურჰესის“ სამართავი პულტი არის ჩვენს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. იმის გათვალისწინებით, რაც ხდება სამყაროში, როგორი ენერგეტიკული მანიპულაციებიც მიდის, თქვენ წარმოიდგინეთ, ხვალ, ზეგ, მაზეგ რომ ვიღაცამ იქ ღილაკს ხელი დააჭიროს და „ენგურჰესი“ გაითიშოს, 2 მილიარდი კილოვატ საათი გვაქვს ჩვენ საიდანღაც მოსატანი. ჯერ საიდან უნდა მოვიტანოთ არ ვიცი, ან რა ქსელი გაუძლებს რომ ეს მოვიტანოთ?! დავუშვათ, რომც მოვიტანოთ, ეს იქნება 6-ცენტიანი იმპორტული დენი, რომელიც 4-ჯერ, 5-ჯერ ძვირი არის, ვიდრე ის ტარიფი, რაც „ენგურჰესს“ დღეს აქვს. ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ელექტროენერგიის ფასი 5 თეთრით კი არა, 20 თეთრით გაიზრდება. მე ჩემმა შვილებმა მინდა რომ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც ასეთი რისკებისგან ვიქნებით დაცულები და ნენსკრაჰესი, ნამოხვანჰესი, ხუდონჰესი, მზის ელექტროსადგურები, ქარის ელექტროსადგურები და ა.შ ამ პრობლემის პრევენციაა“, - განმარტა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

bp.ge