წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 45 000 ტონაა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღება თითქმის დასრულებულია. რაც შეეხება კახეთს, მოსავლის 60 %-ია ამ ეტაპისთვის დაბინავებული  და პროცესი ჯერჯერობით გრძელდება.

ასოციაციის განმარტებით.  თხილის ფასი ხარისხის მიხედვით განსხვავებულია. „მაღალი ხარისხის თხილის ფასი 7-8 ლარს შეადგენს. დაბალი ხარისხის თხილის ღირებულება კი სამი, 3.5 ლარია. ამ შემთხვევაში  საუბარია ისეთ პროდუქტზე,  რომლის სიდამპლის ხარისხი დასაშვებ ნორმას აღემატება.

ასოციაციაში საექსპორტო ბაზრებიდან ქართულ თხილზე მოთხოვნის ზრდას ელიან.

„საექსპორტო ქვეყნებს შორისაა, ესპანეთი, იტალია და გერმანია. ამასთან აქტიურად მიმდინარეობს ექსპორტი ისრაელში. ქართული თხილის შეძენით დაინტერესებულია ჩინეთიც.  ექსპორტის პროცედურა  ნორმალურ ტემპში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ქართულ თხილზე მოთხოვნა წელს  მაღალი იქნება, რადგან თურქეთის ბაზარი დიდ რყევებს განიცდის, რის გამოც ევროპელები ალერნატიული წყაროების მოძიებას უფრო აქტიურად ცდილობენ. ამასთან, იტალიის მოსავალიც არ არის წელს ძალიან დიდი, შესაბამისად იტალიიდანაც მოთხოვნა ჩვეულებრივზე მეტად მაღალი იქნება.“-აღნიშნავს მერაბ ჭითანავა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის  ინფორმაციით, თხილის სექტორში კვლავ რჩება გამოწვევები, რაც მავნებლებს უკავშირდება. ამასთან წელს პირველად დაფიქსირდა თხილის ხეების მოულოდნელი ხმობის პროცესი რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი იკვლევს.

ბიზნესპარტნიორი