საჭიროება დადგა, ორ ქვეყანას შორის გაძლიერდეს ელექტრო ენერგეტიკული თანამშრომლობა ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით, - ასე ეხმიანება GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველო-სომხეთს შორის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ევროკავშირი 500 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

როგორც მაია მელიქიძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განმარტავს, გადამცემ ხაზს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აქვს, საქართველო კი ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს. მით უმეტეს, რომ პირველად მოხდა, როცა 2025 წლის ზაფხულში ელექტროენერგიის მოხმარება ფაქტობრივად, ზამთრის მოხმარებას გაუტოლდა და რადგან ქვეყანას საკუთარი ელექტროენერგია არ ეყო, ელექტროენერგიის იმპორტი ზაფხულშიც განხორციელდა.

„2024 წელს, პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, სომხეთის მხარემ საქართველოდან ელექტროენერგია გაიტანა. რეალურად, სომხეთს ძალიან სერიოზული დოზით სჭირდება ელექტროენერგია, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში იქ მზის ელექტროსადგურების მშენებლობა გააქტიურდა, თუმცა დადგნენ გამოწვევის წინაშე, რაც ქსელში ელექტროენერგიის ინტეგრაციას უკავშირდება. ახლა ისინი მუშაობენ ისეთ პოლიტიკაზე, რომელიც უკავშირდება დამაგროვებლების შექმნას. პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველო მაქსიმუმ 2 წელიწადში იმავე გამოწვევის წინაშე დადგება და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა არა მხოლოდ გადამცემი ხაზის, არამედ თანმხვედრი პოლიტიკის ჭრილშიც, რაც დამაგროვებლებს უკავშირდება“, - განმარტავს მაია მელიქიძე.

მისივე თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოსთვის ევროპის კარიც იხსნება და ქვეყანა რეალურად ენერგეტიკულ ჰაბად ყალიბდება. გადამცემი ხაზის გაძლიერება კი ავტომატურად იძლევა ორმხრივ შესაძლებლობას საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით.

„რამდენადაც ცნობილია, ელექტროენერგიის საწარმოებლად გაზი აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად ელექტროენერგიაც. თუმცა, თუ გვჭირდება დიდი რაოდენობით ელექტროენერგია და აზერბაიჯანი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, შემდეგ უკვე შემოგვაქვს რუსეთიდან. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაცია ექსპორტ-იმპორტთან მიმართებაში. საიმპორტო ბაზარი ჩვენთვის ძირითადად არის თურქეთი, 2024 წელს იყო სომხეთი, ახლა კი კარი იხსნება ევროპული ბაზრისთვის. რეალურად, კავკასიის რეგიონი ყალიბდება უკვე ისეთ რეგიონად, რომელსაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი მოუტანს არა მხოლოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით მდგრადობას, არამედ გარკვეულწილად ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და პლუს, კიდევ ბევრი წამახალისებელი მექანიზმიც იქნება განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, ინვესტორებისთვის ეს იქნება გარანტია, ჩადონ ფული ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში“, - აცხადებს მაია მელიქიძე.