გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზეთთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებას იწყებს, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ რეგლამენტი კი 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„ტექნიკური რეგლამენტი მოხმარებისთვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ 2021 წელსაა გამოქვეყნებული და ახლა, პირველი ივლისიდან შევა ძალაში. ეს დაარეგულირებს იმ საკითხს, რომ კაკაოსგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს თავისი სახელი ერქვას. ამ რეგლამენტის მიზანი, ისევე როგორც სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით მსგავსი რეგლამენტების, არის ის, რომ მომხმარებელი არ შევიდეს შეცდომაში და ყველა პროდუქტს თავისი სახელი ერქვას. ჩვენ ასეთი რეგლამენტები ბევრი გვაქვს: რძე და რძის პროდუქტების, თხილის, თაფლის, ახლა იქნება შოკოლადის და მალე მოვამზადებთ ზეთის რეგლამენტს.
შოკოლადის რეგლამენტი განსაზღვრული და დაწერილია ევრორეგულაციების შესაბამისად და აღწერილია რა შემთხვევაში შეგვიძლია დავარქვათ ამ თუ იმ კაკაოს პროდუქტს შოკოლადი. მაგალითად, სხვადასხვა კომპანია აწარმოებს არაჟანს. არაჟანი უნდა ერქვას პროდუქტს, რომელიც დამზადებულია ნატურალური რძისგან, მაგრამ არაჟნის მსგავსი პროდუქტიც არის, რომელიც დამზადებულია რძის ფხვნილისა და მცენარეული ცხიმისგან და მას არაჟანი არ ჰქვია, მას ნებისმიერი სხვა სახელი ჰქვია, რასაც კომპანია მოიფიქრებს და არ იქნება მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი. ჩვენ არ ვსაზღვრავთ რა შეიძლება ერქვას ამ რეგლამენტის მიღმა პროდუქტს, მას შეუძლია ნებისმიერი სახელი მოიფიქროს, მაგრამ ინგრედიენტებსა და შემადგენლობაში იქნება განსაზღვრული, რომ ის არ არის ნამდვილი შოკოლადი და არ შეესაბამება რეგლამენტს. ამ შემთხვევაში მომხმარებლისთვის სრულიად ნათელი იქნება რომელი პროდუქცია უნდა შეიძინოს“, - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.
რაც შეეხება ზეთთან დაკავშირებით რეგლამენტს, ვმუშაობთ დარგთან და ვაპირებთ დავწეროთ ტექნიკური რეგლამენტი საკვებ ზეთთან დაკავშირებით“, - განუცხადა თენგიზ კალანდაძემ „ინტერპრესნიუსს“.