ნავთობის ბაზარი კვლავ მაღალი მერყეობის რეჟიმშია. მთავარი მიზეზი ირანის ომი, ჰორმუზის სრუტის გარშემო რისკები და სპარსეთის ყურის ნავთობის მიწოდების შეფერხების შიშია.

Reuters-ის შეფასებით, ირანის ომმა ნავთობის ფასის „კომპასი“ ფაქტობრივად არია: Brent-ის ფასი მარტში 64%-ით გაიზარდა და ერთ მომენტში 118 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი 7 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაახლოებით 95 დოლარამდე ჩამოვიდა. თუმცა მოლაპარაკებების ჩაშლისა და ახალი ბლოკადის ფონზე ფასი ისევ 100 დოლარის ზონას დაუბრუნდა.

ფასების ზრდა გაგრძელდა ბოლო კვირაშიც. Reuters-ის ცნობით, 22 აპრილს Brent-ის ფასი ერთ დღეში 3.48%-ით, 101.91 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო WTI 3.67%-ით, 92.96 დოლარამდე. იმავე პერიოდში ორივე ნიშნულმა წინა დღითაც დაახლოებით 3%-იანი ზრდა აჩვენა.

საერთაშორისო პროგნოზები ფრთხილია. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია, EIA, აპრილის პროგნოზში წერს, რომ Brent-ის საშუალო ფასი მარტში 103 დოლარი იყო, ხოლო მეორე კვარტალში შესაძლოა 115 დოლარამდე პიკს მიაღწიოს. შემდეგ, მათი მოლოდინით, ფასი ნელ-ნელა დაიწევს, თუმცა 2026 წლის ბოლომდე ნავთობში „რისკის პრემია“ დარჩება, რადგან მიწოდების შეფერხების საფრთხე ბოლომდე მოხსნილი არ არის.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო, IEA, უკვე საუბრობს არა მხოლოდ ფასის ზრდაზე, არამედ მოთხოვნის შემცირების რისკზეც. აპრილის ანგარიშში IEA წერს, რომ ირანის ომმა გლობალური ნავთობის ბაზრის პროგნოზი შეცვალა და 2026 წელს მოთხოვნა შესაძლოა დღეში 80 ათასი ბარელით შემცირდეს. მეორე კვარტალში კი მოსალოდნელი 1.5 მილიონი ბარელი/დღე შემცირება პანდემიის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ვარდნა იქნება.

ანუ ბაზრისთვის მთავარი საფრთხე ორმაგია: ერთი მხრივ, მიწოდების შეფერხება ფასს ზრდის; მეორე მხრივ, ზედმეტად ძვირი ნავთობი ეკონომიკას ანელებს და მოთხოვნას ამცირებს.

ფაქტია, რომ ნავთობის ფასი ომის ფონზე მკვეთრად გაძვირდა, თუმცა ბაზარი ახლა ელოდება, გადაიზრდება ეს დროებითი შოკი გრძელვადიან ენერგეტიკულ კრიზისში თუ ფასები ეტაპობრივად დასტაბილურდება?!

წყაროები