საქართველოს პარლამენტის ქართული ოცნების წევრებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლითაც ეროვნული ბანკის საბჭოს შეეზღუდება დისკრეციული უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს სებ-ის სარეზერვო ფონდიდან მთავრობისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.
აღნიშნული წარმოადგენს მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესრულებას, რადგანაც ფონდმა ხელისუფლებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მიღებისკენ მოუწოდა.
კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის და კიდევ 10-მდე დეპუტატის მიერ არის ინიცირებული.
საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობის მიმართ ფინანსურ გადარიცხვებს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს. საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკი თავისი ოპერირების შედეგად ყოველწლიურად გადის მოგებაზე და კანონმდებლობა ამ მოგების განაწილების საკითხებს არეგულირებს. ახალი მოდელით სებ-ი მთავრობას მის მიერ გენერირებულ მოგებას გაუნაწილებს ისე, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული, თუმცა სებ-ის საბჭოს დამატებით არ ექნება იმის უფლება რომ გადაწყვეტილება მიიღოს მთავრობისთვის სხვა სახსრების გამოყოფის თაობაზე.
"ამოღებულ იქნება ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებას საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ," - ნათქვამია კანონპროექტში.
ფინანსური ტრანსფერები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა სებ-იდან მიიღებს, მხოლოდ სებ-ის მოგების განაწილება იქნება. 2023 წელს სებ-ს 559 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა, საიდანაც 303 ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხა, 256 მლნ ლარი კი დაიტოვა; 2024 წელს კი სებ-მა 1.1 მილიარდი ლარის წმინდა მოგებიდან 670 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადარიცხა, 434 მილიონი კი თავის სარეზერვო ფონდში მიმართა.