"იმერეთი და გურია სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობას განიცდის - მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული, უმუშევრობის დონე მაღალია, ხოლო საშუალო ხელფასი - დაბალი" - სოციალური სამართლიანობის ცენტრი შემაშფოთებელ სტატისტიკას აქვეყნებს.
ორგანიზაციის თქმით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია რეგიონებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია. მხოლოდ 2020-2024 წლებში იმერეთის მოსახლეობა 9.2%-ით, ხოლო გურიის მოსახლეობა - 5.8%-ით შემცირდა.
"თებერვლის ბოლოს დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რეგიონები მნიშვნელოვნად დააზარალა. გარესამყაროს მოწყვეტილი არაერთი სოფლის მაცხოვრებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არსებითი და მყისიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა რეგიონებში არსებულმა სიღარიბემ ჩვენი თანამოქალაქეები ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში ჩააყენა, "- წერს SJC.
ორგანიზაციის დათვლით, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში: გურიაში მოსახლეობა 13.1%-ით შემცირდა; იმერეთში - 22,2%-ით;
ყველაზე დიდი კლება აღინიშნება იმერეთის მუნიციპალიტეტებში:
წყალტუბო -34,2%; ტყიბული -32,4%; ბაღდათი -31,4%;
2023 წლისთვის საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1766.8 ლარი იყო;
გურიაში საშუალო თვიური ხელფასი - 991.4 ლარი. ამ მაჩვენებლით იგი საქართველოს რეგიონებში ბოლოს წინა ადგილს იკავებს;
იმერეთში საშუალო თვიური ხელფასი 1134 ლარი იყო, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 633 ლარით ჩამორჩება.
იმერეთში უმუშევრობის დონე 20%-ია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
გურიაში უმუშევრობის დონე 16,1%-ია. [2023 წლის მონაცემები]
გურიის მოსახლეობის 55,9% ხოლო, იმერეთის მოსახლეობის 41,2% სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ითხოვს.
მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია:
ხარაგაულში - 70.4%
ჩოხატაურში - 69,5%
ხონში - 61,9%
ვანში - 61,3%
ჭიათურაში - 60,6%
გურიის მოსახლეობის 26,7% და იმერეთის მოსახლეობის 19% საარსებო შემწეობის მიმღებია.
საარსებო შემწეობის მიმღებთა განსაკუთრებით დიდი წილი შემდეგ მუნიციპალიტეტებშია:
ხარაგაული - 40,8%
ჭიათურა - 33,6%
ჩოხატაური - 31,4%