საქართველოში რუსული გაზის იმპორტი იზრდება, აზერბაიჯანულის კი მცირდება. თუ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან შესყიდვებში რუსულ გაზზე მხოლოდ 12.2% მოდიოდა, წელს საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა, აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, 87.8%-დან 64%-მდე შემცირდა.
„ჯეოქეისის“ უფროსი მკვლევარი ლიანა ჯერვალიძე bpn.ge-სთან ამბობს, რომ ევროპაში რუსულ გაზზე უარის თქმის შემდეგ, ალტერნატიულ, ბაზრებზე (შესაბამისად, აზერბაიჯანულზეც) მოთხოვნა გაიზარდა, შედეგად კი, საქართველო იძულებული გახდა, რუსული გაზის იმპორტი გაეზარდა.
„როდესაც ევროპაში გაზის ფასი 500 დოლარია და აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა, აზერბაიჯანს ვერ დაადანაშაულებ და ვერ ეტყვი, რომ არ გაიტანოს.
ამის მიზეზია ის, რომ ევროპას, რუსულ გაზზე უარის თქმის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული მეტი გაზი სჭირდება. ასეთ ვითარებაში კი, საქართველოს, ალტერნატივის სახით, რჩება რუსული გაზი. ასე თუ გაგრძელდა, იძულებული ვიქნებით მეტი რუსული გაზი ვიყიდოთ. ზამთარში გათბობის თვალსაზრისით, მზის სისტემით ვერ გავთბებით, განახლებად ენერგიებს ვერ დავეყრდნობით, ერთადერთი არის გაზი. და, ჩვენ თუ გვინდა, რომ გავთბეთ, იძულებული ვიქნებით, შემოვიტანოთ ის, რაც არის ხელმისაწვდომი“,- ამბობს ლიანა ჯერვალიძე.
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში რუსეთში 90.093 მლნ აშშ დოლარის (მთლიანი იმპორტის 36%) ბუნებრივი გაზი ვიყიდეთ, რაც გასული წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი 2009 წლიდან ქვეყნდება).
შედარებისთვის, წინა წლის 9 თვეში რუსული გაზის იმპორტმა 84.597 მლნ აშშ დოლარი (27.7%) შეადგინა, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში - 34.176 მლნ აშშ დოლარი (12.2).
მიუხედავად რუსეთიდან იმპორტის ზრდისა, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი რჩება. მას 2024 წლის 9 თვის მონაცემებით გაზის მთლიან იმპორტში 64% ეკავა (160.232 მლნ დოლარი), თუმცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 72.3%-ს (221.450 მლნ დოლარი) შეადგენდა, 2022 წელს კი 87.8%-ს (245.518 მლნ დოლარი).
რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, წელს ჯამში 250.325 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა, წინ წლის ანალოგიურ პერიოდში 306.047 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2022 წლის 9 თვეში - 279.695 მლნ აშშ დოლარის.