რუსეთის T-ბანკის ინფორმაციით, ახალი სანქციების ფონზე, რომლებიც „ზოლოტაია კორონას“ მეშვეობით საქართველოში და ყაზახეთში ფულადი გზავნილების განხორციელებას ართულებს, ბანკში საზღვარგარეთ გადარიცხვების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ბანკის მონაცემებით, 23-30 ივლისს ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა წინა კვირასთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოში დაფიქსირდა — 64%, შემდეგ მოდის ბელარუსი (24%) და სომხეთი (14%).

T-ბანკის ცნობით, ფულადი გზავნილების 90% რუსეთის რეზიდენტებმა განახორციელეს. თანხები ძირითადად ინვესტიციებისთვის, ტურისტული მიზნებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები ახლობლების მხარდაჭერისთვის გადაირიცხა.

ბანკში ასევე აღნიშნავენ, რომ 2022 წლის შემდეგ რუსეთის საზღვარგარეთული გადარიცხვების ბაზარზე დეცენტრალიზებული სისტემების განვითარების ტენდენცია შეინიშნება. T-ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსეი ხრომოვმა ეს პროცესი თამაშ „მოლის დაჭერას“ (Whac-A-Mole) შეადარა და განაცხადა, რომ ყოველი შეზღუდვის შემდეგ ბანკი ახალი არხებისა და გადარიცხვის გზების მოძიებაზე მუშაობს.