ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტი ილია კუნჭულია აცხადებს, რომ ყურძნის სუბსიდირების პროგრამამ არასწორი სტიმულები შექმნა, რის გამოც ძალიან ბევრი ვენახი გაშენდა. სუბსიდირების პროგრამების პრობლემაზე მან „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. ილია კუნჭულიას თქმით, სუბსიდირების პროგრამის „გამოცლის“ შემთხვევაში, ფერმერების ბიზნესი „ჩამოიშლება“.
„სუბსიდირების პროგრამები ქმნიან არასწორ სტიმულებს. მაგალითად, ყურძნის სუბსიდირების პროგრამის გამო, ძალიან ბევრი ვენახი გაშენდა. ფერმერებმა მთელი თავისი ბიზნეს მოდელი ააწყვეს სუბსიდირების სქემაზე, ეს რომ გამოაცალო, ჩამოიშლება მათი ბიზნესი, მიატოვებენ ვენახებს, აზრი არ ექნება წარმოებას და ვენახების გაჩეხა მოუწევთ.
ქვეყანაში გვაქვს ყურძნის ჭარბი წარმოება, ძალიან ბევრი ყურძენი იწარმოება და არ გვაქვს ამის საჭიროება. ამას მოწმობს ისიც, რომ სულ ახლახან სახელმწიფო ღვინის კომპანიამ, რომელიც ამ ღვინის მარაგებს ფლობს, 100 მილიონი ლარის ღვინო ჩამოწერა და მესამედი ფასი დაადო, რომ იქნებ როგორმე გაყიდოს. იმდენად ჭარბია წარმოება, რომ ფიზიკურად ჭურჭელი არ არის საკმარი, რომ ამდენი ღვინის და ყურძნის დაბინავება იყოს შესაძლებელი“, - აღნიშნავს ილია კუნჭულია.
მისივე თქმით, სუბსიდირების ფარგლებში 1 კგ ყურძნის ჩაბარება ფერმერებს წლებია 1 ლარის ფარგლებში უწევთ. ეს კი იმდენად დაბალი ღირებულებაა, რომ მევენახე მოგებაზე ვერ გადის.
„1 ლარი რომ ღირს ყურძენი, ფერმერები მოგებას ვერ ნახულობენ, რადგან წარმოების ხარჯებს მიუახლოვდნენ. 10-15 წლის წინ როცა ლარი ღირდა ჩაბარება, არც სასუქი ღირდა ამდენი, არც კრეფის ფასი იყო ამხელა, არც სხვადასხვა მომსახურება უჯდებოდა ფერმერს ამდენი... მთელი წელი ფერმერი ხარჯავს ფულს იმისთვის, რომ წლის ბოლოს დახარჯული თანხა ერთიანად აიღოს - მოგებაზეც კი არ არის საუბარი. სეტყვა ან სხვა სტიქიური უბედურება რომ მოხდეს, ფერმერი მიდის ზარალში“, - აღნიშნავს ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტი.
ილია კუნჭულია აცხადებს, რომ „ყურძნის ფასის დასუბსიდირების არსებული პროგრამით ფერმერები არ არიან კმაყოფილები, რადგან ეს პროგრამა არის ღვინის ქარხნების დახმარების პროგრამა“. ილია კუნჭულიას თქმით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამიდან თანდათან უნდა გამოვიდეს.
„კარგი იქნება რომ სუბსიდირებისთვის გამოყოფილი ფული სხვა რამეზე დაიხარჯოს და ორიენტირებული ვიყოთ არა ყურძნის რაოდენობაზე, არამედ დამატებითი ღირებულების გაზრდაზე. ამ ნაწილში კარგი ვარიანტია სეტყვისგან დამცავი ბადეები, მაგრამ ესეც ძალიან ძვირი ჯდება და არ არის ეკონომიკურად გამართლებული ყურძნის შემთხვევაში, რომელიც 1 ლარი ღირს, მაგალითად, უფრო ძვირფასი კულტურების შემთხვევაში შესაძლოა, გამართლებული იყოს ბადეები.
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მთავრობა გამოვიდეს სუბსიდირების პროგრამიდან და შეეცადოს რომ გააუმჯობესოს სარწყავი სისტემა, მოსავლის აღების ნაწილში დაეხმაროს ფერმერებს და ხელი შეეწყოს, რომ ღვინო თავად აწარმოონ, არ იყვნენ მთლიანად ყურძნის ჩაბარებაზე დამოკიდებული“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ილია კუნჭულია.
წყარო:bpn.ge