ჩვენ შევძელით ჩვენი ეკონომიკის გაორმაგება, - ამის შესახებ პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური  პოლიტიკის კომიტეტის  თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა “ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული სწორი ეკონომიკური პოლიტიკით იქნა მიღწეული.

“ჩვენ ყველა საერთაშორისო სანქცია დავიცავით, თუმცა იმ ნაწილში, სადაც სანქციური პოლიტიკა არ ვრცელდებოდა ჩვენ ვაჭრობა გავაგრძელეთ. 2024 წლის ბოლოს საქართველოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში 681 მლნ. დოლარი იყო და ეს ჩვენთვის არსებითად დიდი ციფრია, რადგან ჩვენი შიდა ექსპორტის 21.7%-ს შეადგენს, მაგრამ რუსეთისთვის ეს არაფერი არ არის. ისინი ამით არ დაზარალდებოდნენ. ჩვენ შევძელით ჩვენი ეკონომიკის გაორმაგება. 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა 16 მლრდ. იყო, ხოლო 2024 წელს 33 მლრდ-ი. ეს სწორედ სწორ ეკონომიკურ პირობებში შევძელით და არ შევედით იმ რისკებში, რომელიც ომს ეხებოდა და გამოვიყენეთ შესაძლებლობები.

თვითონ ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურად ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციაში და ღვინის ექსპორტით საქართველოსაც კი გაუსწრეს. ემოციურ განცხადებებს არ უნდა ავყვეთ. ჩვენ ძალიან პრაგმატული მიდგომა გვჭირდება. ძალიან სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ვცხოვრობთ და უფლება არ გვაქვს, რომ შეცდომა დავუშვათ. თუკი ჩვენ ჩვენს რისკებს დავაზღვევთ და შესაძლებლობებს გამოვიყენებთ ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას შევძლებთ.  ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები კი გადავდგით, მაგრამ მაინც ეკონომიკურად საშუალო განვითარებულ ქვეყნად ვრჩებით, რადგან ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 9 000 დოლარია.

მაღალი შემოსავლის ქვეყანა რომ გავხდეთ საჭიროა 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი 14 000 დოლარამდე მაინც გაიზარდოს. დღევანდელი მსოფლიო გეოპოლიტიკა და ცვლილებები საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ეს შევძლოთ. ამისთვის კი მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური ფონი შევინარჩუნოთ”, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

bp.ge