ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეხუთედ გადავადდა, ამჯერად 1-ელ ივლისამდე. როგორც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ბირჟის ამოქმედების დროს გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის ბაზრის ფასი, უკრაინაში მიმდინარე ომი და ასე შემდეგ. მირცხულავას შეფასებით, მაშინ როდესაც გარშემო ამდენი კატაკლიზმებია, ბირჟის ამოქმედება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

 

„ყველამ უნდა ვიფიქროთ, თუ რა პერიოდში ხდება ეს, მაშინ როდესაც მეზობელ ქვეყნებში ამდენი  კატაკლიზმებია. ასევე გასათვალისწინებელია მეზობელ ქვეყნებში არსებული ენერგეტიკული ბაზრის ფასები, ისიც რომ უკრაინაში ომია და დიდი რისკია.

 

მაგალითად, ისრაელის ენერგოსისტემა იზოლირებულია და არც ერთ ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა ხუთი წელი ფიქრობდა ბირჟის ამოქმედებაზე და უამრავი რისკი ჰქონდა ჩამოთვლილი, ისრაელს მსოფლიო დონის ენერგეტიკოსები ჰყავს და მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი ხანი ფიქრობდნენ, სანამ ამ ნაბიჯს  გადადგამდნენ,“- აღნიშნა დავით მირცხულავამ.

მირცხულავას თქმით, ბირჟის ამოქმედებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები ფიქრობენ, თუ როდის დაიწყონ და ითვალისწინებენ იმასაც, თუ რა გავლენა ექნება ამას საინვესტიციო კლიმატზე. როგორც დავით მირცხულავა ამბობს ბირჟის ამოქმედება გავლენას მოახდენს ყველაფერზე.

 

„ჩვენ არ ვართ ევროპის შუაგული ქვეყანა და არ ვართ იმ სივრცესთან დაკავშირებული. ჩვენ გარშემო სხვა მიდგომებია, შესაბამისად, ცოტა სიფრთხილე გვმართებს, მით უმეტეს მაშინ, როცა დეფიციტური ქვეყანა ვართ და დეფიციტი 35% შეადგენს. შეიძლება დღეს ელექტროენერგიის იმპორტი მაღალი არ არის და სექტემბრიდან ფაქტობრივად იმპორტის გარეშე გავიარეთ, მაგრამ თბოსადგურების საიმედო  მუშაობის გამო ძალიან ბევრი იმპორტირებული გაზი დაიწვა, რეალურად ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოს ტერიტორიას არ განუხორციელებია, მაგრამ აფხაზეთიც ჩვენი ქვეყნის ნაწილია და იქ ელექტროენერგიის იმპორტი უზარმაზარია,“ - აღნიშნა დავით  მირცხულავამ. 

 

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო. ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც 1 მარტს ამოქმედებულა.  რეფორმის დაწყება 2022 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა ის კიდევ ერთხელ გადავადდა და 2023 წლის 1 აპრილამდე გადაიდო, მაგრამ ის კიდევ ერთხელ, ამჯერად 1 ივლისამდე გადავადდა.