ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) ჩინეთიდან გაგზავნილი საკონტეინერო მატარებლების რაოდენობა დღეში ოთხამდე გაიზრდება, რაც ორჯერ აღემატება არსებულ მაჩვენებელს.
ამის შესახებ TITR-ის მონაწილე ქვეყნების, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის რკინიგზის დეპარტამენტთა წარმომადგენლები პეკინში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას Report ყაზახეთის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით მხარეები ტვირთის ნაკადის თვალთვალისა და მართვის ერთიან ციფრულ პლატფორმას შეიმუშავებენ.
თვის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ სიანის ყაზახურ-ჩინური ტერმინალიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის (შუა დერეფნის) გასწვრივ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მე-300-ე, საიუბილეო საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა. შედარებისთვის: გასულ წელს შუა დერეფანზე ტრანზიტით მხოლოდ 11-მა საკონტეინერო მატარებელმა გაიარა.
კერძოდ, ჩინეთიდან შუა დერეფნით ტრანსპორტირების მოცულობამ 27 ათას ოცფუტიან ეკვივალენტურ კონტეინერს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 25-ჯერ მეტია.
გადაზიდვები აზერბაიჯანულ ADY Express-თან და ჩინურ კომპანია Xi'anFree Trade Port-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში, ანუ TEN-T-ში TITR-ის ინტეგრაციის ინიციატივით გამოდის. TEN-T ევროპის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გზების, რკინიგზის, აეროპორტებისა და წყლის ინფრასტრუქტურის ქსელით დასაკავშირებლად არის შექმნილი.
ცნობისთვის: TITR ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე გადის. ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზა შუა დერეფნის ნაწილია, რომლითაც უკვე ყაზახი გადამზიდავებიც ინტერესდებიან. მოდერნიზაციის შემდეგ ბთყ-ის სარკინიგზო მარშრუტის გამტარუნარიანობა 5-ჯერ, კერძოდ, წელიწადში 1-დან 5 მლნ ტონამდე გაიზარდა.